საქსტატი – თბილისში ბინები 4.8%-ით, ხოლო კერძო სახლები 4.6%-ით გაძვირდა
თბილისში, წლის მეორე კვარტალში უძრავ ქონებაზე ფასმა, როგორც ბინებზე ასევე სახლებზე მოიმატა.
საქსტატის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უძრავი ქონების ახალი კვლევა, დედაქალაქში არსებულ ახალაშენებულ ბინებსა და კერძო სახლებს ეხება. მათივე ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 48.1 პროცენტით არის გაზრდილი.
„2024 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (4.8 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (4.6 პროცენტი).
2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 14.4 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 16.8 პროცენტით,“- ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.