თბილისის სატრანსპორტო კომპანიას წლის ბოლომდე დამატებით 100 ერთეული ავტობუსი შეემატება
დედაქალაქში 10 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვიდა, 100 ერთეული კი წლის ბოლომდე ეტაპობრივად დაემატება. ასევე თბილისში, მომავალი წლის ბოლომდე, დამატებით 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვა.
ინფორმაცია კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გაავრცელა.
„დედაქალაქში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, შევისყიდეთ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. მოგვიანებით დავამატეთ 40 ერთეული. 50 ერთეული ავტობუსი ქალაქში სხვადასხვა მარშრუტზე უკვე გადაადგილდება. აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში, დედაქალაქში კიდევ 10 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვიდა, 100 ერთეული კი წლის ბოლომდე ეტაპობრივად მოგვეწოდება. მომავალი წლის ბოლომდე, უკვე შესყიდული 40 ერთეული ავტობუსი დაემატება დედაქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთთ, რომ „კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე 18-მეტრიანი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის ინტეგრირებული სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის
კლიმატურ პირობებზე. ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო, ასევე, შიდა და გარე ვიდეომონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა
თანამედროვე სისტემებით.