როდის შემოვა თბილისში, 18-მეტრიანი ავტობუსები და როდის დასრულდება დედაქალაქში „ბასლეინების“ მოწყობა
ტრანსპორტი დედაქალაქისთვის უმთავრეს გამოწვევად იქცა. თბილისის ყოველდღიურობა ავტომობილებით გადატვირთული ქუჩები და პიკის საათის არ არსებობაა, რადგან დიდი ხანია თბილისში საცობების წარმოქმნას კონკრეტული დრო აღარ სჭირდება.
დედაქალაქის მერიამ ცოტა ხნის წინ გვაუწყა, რომ თბილისში ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები ივლის, საცდელად კი რამდენიმე უკვე მოძრაობ სხვადასხვა ხაზზე. თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის განმარტებით 50 ერთეულის დღე-დღეზე ელოდებიან თბილისში.
„160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა უკვე განხორციელდა. 50 ერთეული დღე-დღეზე შემოვა და მალევე, 2024 წლის დასაწყისიდან 42 ერთეული ხაზზე გავა, რადგან გარკვეული რეზერვი საჭიროა“-აცხადებს ვიქტორ წილოსანი.
რაც შეეხება “ბასლეინებს” უწყების ცნობით, სწრაფი სატრანზიტო დერეფნის ჯამური სიგრძე 110 კილომეტრია და ამ დროისთვის, დაახლოებით, 70 კმ სიგრძის საავტობუსე ზოლები უკვე შექმნილია.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის განმარტებით, ერთადერთი გამოსავალი დედაქალაქში საცობების შესამცირებლად საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა.