თბილისის უბანი სადაც ყველაზე მეტი მიწა გაიყიდა
2023 წლის პირველ 6 თვეში მიწის ნაკვეთის ყველაზე მეტი ტრანზაქცია ლისზე დაფიქსირდა, ხოლო შემდეგ კი - საგურამოში.
ამის შესახებ ინფორმაციას “თი ბი სი” კაპიტალი ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, 2021 წელს თბილისის შემოგარენში მიწის გაყიდვების 39%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ძირითადად პანდემიის გამო მომხმარებლის ქცევის ცვლილებით იყო გამოწვეული.
ლისზე გაყიდული ნაკვეთების ფართობი ძირითადად 2000 კვადრატულ მეტრზე ნაკლებია. 2023 წლის იანვარ-ივნისში, მათი წილი მთლიან ტრანზაქციებში 91%-ს შეადგენდა. 2000 კვადრატულ მეტრზე ნაკლები ფართობის მქონე ნაკვეთების საშუალო ფასმა 86 $/კვ.მ შეადგინა.
„თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვის მიხედვით, ლისზე, გასული წლის განმავლობაში 720 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი მიწა გაიყიდა. 2021-2022 წლებში გაყიდვები ძირითადად კონცენტრირებული იყო 40-60 და 60-100 $/კვ.მ-ის საფასო კატეგორიაში. თუმცა, 2023 წლის პირველ ნახევარში გაყიდვების უმეტესი ნაწილი (25%) იყო 100-200 $/კვ.მ-ის საფასო დიაპაზონში.
რაც შეეხება საგურამოს, 2023 წლის პირველ ნახევარში გაყიდული ნაკვეთების 55%-ის ფართობი 1000 კვ.მ-ზე ნაკლები იყო, ხოლო 1000-დან 2000 კვ.მ-მდე ფართობის ნაკვეთების წილმა 28% შეადგინა. საშუალო გასაყიდმა ფასმა კი 2000 კვ.მ-ზე ნაკლები ფართობის ნაკვეთებისთვის 65 $/კვ.მ შეადგინა.