კერძო სახლის შეძენით ბოლო 3 თვეში 1მლნ ადამიანი დაინტერესდა, თბილისის შემოგარენში მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა 70%-ით გაიზარდა – 2023 წლის ბოლოდროინდელი სტატისტიკა
კოვიდ პანდემიის დროს, კორპუსებში გამოკეტილ, ქალაქის მაცხოვრებლების უმეტესობა ალბათ ერთსა და იმავეზე ფიქრობდა, ეს იყო კერძო სახლი საკუთარი ეზოთი სადაც გარეთ თავისუფლად გასვლას შეძლებდა, როგორც ჩანს პანდემიის დასრულების შემდეგ ოცნებების ახდენა თითქმის ყველამ სხვადასხვა გვარად დაიწყო.
ამ ყველაფრის დასტურია ბოლოდროინდელი არა ერთი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც მიწასა და კერძო სახლზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება. ერთ-ერთი ასეთი კვლევის შედეგი უძრავი ქონების, ავტომობილების, დასაქმების პორტალმა SS.GE-მ წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც: 2023 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს მასშტაბით კერძო სახლებისა და მიწის ნაკვეთების შეძენაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, მათი ინფორმაციით, მიწის ნაკვეთებზე საშუალოდ ზრდა არის 66%, ხოლო კერძო სახლებზე 70%. ამასთან, როგორც ss.ge იუწყება, მიმდინარე წლის 3 თვეში საიტზე კერძო სახლის შეძენით საშუალოდ 1 მილიონ ადამიანამდე ინტერესდებოდა, ხოლო მიწის ნაკვეთით 550 000.
SS.GE-ს სტატისტიკით, 2022 წლის მარტში თბილისის შემოგარენში კერძო სახლების შეძენის მსურველი იყო 703 544 ადამიანი, წელს მარტში კი ეს მაჩვენებელი 917 396-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება მიწის ნაკვეთებს, ამ შემთხვევაშიც ზრდა მნიშვნელოვანია, კერძოდ, 2023 წლის მარტში შეძენის მსურველი იყო 555 845 ადამიანი, 2022 წლის მარტში კი 311 617.
ამასთან SS.GE-ს სტატისტიკის მიხედვით, ზრდა იყო მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალშიც. კერძოდ, 2023 წლის იანვარში საიტს კერძო სახლის შეძენის სურვილით ეწვია 819 575 ვიზიტორი, თებერვალში კი 993 147. 2022 წლის იანვარში კი ეს მაჩვენებელი შეადგენდა 780 739-ს, თებერვალში – 705 618-ს. მათივე ინფორმაციით, 2023 წლის იანვარში მიწის ნაკვეთის შეძენის მსურველი იყო 476 082 ადამიანი, თებერვალში – 554 543. 2022 წლის იანვარში კი მიწის ნაკვეთის შეძენა სურდა 462 935 ადამიანს, თებერვალში კი 434 685-ს. საგულისხმოა, რომ თბილისის შემოგარენში მიწის ნაკვეთების ფასი, დღითიდღე მატულობს, განსაკუთრებით ისეთ ზონებში სადაც ნაკვეთი ტყესთან ახლოსაა, სადამდე მივა ან როდემდე გაგრძელდება ფასების არარეგულირებული ზრდა, ამის შესახებ წინასწარ პროგნოზს, ვერავინ აკეთებს.