ნოემბრიდან თემქის N138 საჯარო სკოლა სასწავლო წელს ახალაშენებულ სივრცეში აგრძელებს
თემქის დასახლებაში N138-ე საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა. ახალმა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისმა სკოლამ, ძველი, ავარიული სკოლა ჩაანაცვლა. ახალი შენობა 3 სართულისაგან შედგება და 650 მოსწავლეზეა გათვლილი.
ახალი სკოლის შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მოსწავლეებზე, აქვს ლიფტი, ადაპტირებული სველი წერტილები და პანდუსები; მოწყობილია გათბობა / ვენტილაციის და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები;
სასწავლო სივრცეების პარალელურად სკოლაში იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, სასადილო, სააქტო და სპორტული დარბაზები.
პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. სამშენებლო სამუშაოები კი კომპანია „ბალავარმა“ შეასრულა.
9 120 000 ლარზე მეტი ღირებულების სამშენებლო სამუშაოები საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით განხორციელდა.
სკოლა აღჭურვილი იქნება თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, სასკოლო და საოფისე ავეჯითა და ინვენტარით, რისთვისაც სააგენტოს მიერ ჯამში 160 000-მდე ლარის ღირებულების მერხები, დაფები, საოფისე ავეჯი, პროექტორები, კომპიუტერები და სხვა საჭირო ინვენტარი იქნა შეძენილი.