მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის სპეციფიკური კომუნიკაციის საშუალება გახდება-დღეიდან Fix Tbilisi ამოქმედდა
აპლიკაცია აერთიანებს საკითხთა ოთხ კატეგორიას: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების დაზიანება, გარე განათების დაზიანება და საპარკე ინფრასტრუქტურის დაზიანება.
ინფორმაცია დედაქალაქის მერმა, თბილისელებს პირდაპირი ეთერის საშუალებით მიაწოდა და აპლიკაციის Fix Tbilisi-ის მოხმარების წესები აუხსნა.
მერიის აპლიკაციით მოქალაქე შეძლებს, დააფიქსიროს დაზიანება, გადაუღოს ფოტო, მიუთითოს მისამართი და დაურთოს აღწერა. აღნიშნული ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის საქალაქო სამსახურს, რომლის მხრიდანაც დაიწყება განცხადებაზე რეაგირება, ხოლო ინფორმაციის მომწოდებელი მოქალაქე ამავე აპლიკაციის საშუალებით მიიღებს განახლებულ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა პრობლემის მოგვარება.
„ბევრი მოქალაქე დარეგისტრირებულია მერიის სხვადასხვა პროგრამაში და იმავე მონაცემებით შეუძლიათ, აღნიშნული აპლიკაციის მოხმარება, ასევე შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ. რაიმე დაზიანება თუ შევნიშნეთ, შევდივართ აღნიშნულ აპლიკაციაში, ვირჩევთ ოთხიდან ერთ კატეგორიას, ვიღებთ ფოტოს, ვუთითებთ მისამართს, ასევე ვწერთ აღწერილობაში, თუ რა არის დაზიანებული და ეს ინფორმაცია იგზავნება შესაბამის სამსახურში, რასაც ძალიან მალე მოჰყვება რეაგირება. მოქალაქეს, ვინც გაგზავნა ინფორმაცია, უბრუნდება პასუხი, თუ რა ეტაპზეა მის მიერ გადაგზავნილი პრობლემის მოგვარება და რამდენ ხანში გაკეთდება. როდესაც დასრულდება, ასევე მიიღებს შეტყობინებას. აპლიკაციაში არის ორი დაფა – ჩემი დაფიქსირებული საკითხები და ჩემი მოგვარებული საკითხები. ეს აპლიკაცია კიდევ უფრო გვიმარტივებს სიტუაციას. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული შესტკივა ქალაქზე, ჩართულია ყოველდღიურად სხვადასხვა პრობლემის აღმოფხვრაში და გვიგზავნის ინფორმაციას „ფეისბუქის“ და ცხელი ხაზის საშუალებიდან, თუმცა, დღეიდან შესაძლებელია კიდევ უფრო გავამარტივოთ ეს კომუნიკაცია, ვითანამშრომლოთ Fix Tbilisi-ს საშუალებით და მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც აწუხებს მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე ვანდალიზმის პრობლემაზეც ისაუბრა.
„ამაზე ჩვენ არაერთხელ გავავრცელეთ ინფორმაცია. საზოგადოებას მივაწოდეთ კონკრეტული ფაქტები და ვიდეოები, თუ როგორ აზიანებენ მიზანმიმართულად კონკრეტულ ინფრასტრუქტურას. ვანდალიზმს ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ და ავუხსნათ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას, რომ ის, რაც კეთდება დედაქალაქში – პარკები, განახლებული გამზირები, მოწესრიგებული ქუჩები, პირველ რიგში კეთდება ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის და მნიშვნელოვანია თბილისისთვის. ამიტომ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ მოვუფრთხილდეთ ამ ყველაფერს და ასე გადავცეთ მომავალ თაობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
Fix Tbilisi-ს აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია google playstore-დან ან appstore-დან.