თბილისის მერია-წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვრის ბოლოს დასრულდება

თბილისის მერიის პრესსამსახურურის ინფორმაციით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის კონტრაქტორებთან ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივების მიუხედავად, გამზირი საავტომობილო მოძრაობისთვის 2024 წლის იანვრის ბოლოს სრულად გაიხსნება.

თბილისის მერია-წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვრის ბოლოს დასრულდება

2023 წლის 29 დეკემბერს თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ოთხივე ლოტზე ხელშეკრულების დასრულების ვადა გადაწია. წინა მოქმედი პირობის თანახმად, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ოთხივე ლოტზე უნდა დასრულებულიყო 2023 წლის 20 დეკემბრიდან 35 კალენდარულ დღეში, თუმცა განახლებული პირობით, რეაბილიტაცია სრულდება 2023 წლის 20 დეკემბრიდან 51 კალენდარულ დღეში, შესაბამისად, ეს ვადა 16 კალენდარული დღით გადაიწია. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით ვადის გახანგძლივება მიწისქვეშა გაყვანილობების პროცესს უკავშირდება.

“დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა. ამ დროისთვის, გამზირზე დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა, მხოლოდ ერთ მცირე ნაწილში, კერძოდ, ერისთავის ქუჩის მონაკვეთში სრულდება სანიაღვრე სამუშაოები. ამჟამად, აქტიურად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები, რომელიც თვის ბოლოს დასრულდება და გზის სავალ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა მთლიანად აღდგება,”- ნათქვამია თბილისის მერიის პრესსამსახურის განმარტებაში.

შეგახსენებთ, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის 20 მაისიდან დაიწყო.