თბილისის ქუჩები სისტემატიურად მოირეცხება
სამუშაოები ღამის საათებში 00:00 საათიდან დაიწყება და 07:30 საათამდე გაგრძელდება.
კახა კალაძე აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში მერია დახმარებას შინაგან საქმეთა სამინისტროსაც სთხოვს.
„თუ აუცილებლობა მოითხოვს, შეგვიძლია ვთხოვოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაგვეხმარება. როგორც ყოველთვის, გვერდით გვიდგანან. მხედველობაში მაქვს სახანძრო მანქანები, რომლის მეშვეობითაც მაქსიმალურად ბევრ ქუჩაზე მოვახერხებთ დასუფთავების სამუშაოების წარმოებას. ორშაბათიდან, 24 აპრილიდან დავიწყოთ სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი დავით ფაჩულია აცხადებს, რომ დაახლოებით, 15 ერთეული სპეცტექნიკაა შეძენილი.
„წელს, შარშანდელთან შედარებით, კარგი მდგომარეობა გვაქვს. შევიძინეთ, დაახლოებით, 15 ერთეული სპეცტექნიკა. წელს, შარშანდელისგან განსხვავებით, 20 ერთეული გამართული სპეცტექნიკით შევხვდებით ზაფხულს. ყოველდღიურ რეჟიმში მოირეცხება ასზე მეტი ქუჩა, გზატკეცილები, პანდუსები, გვირაბები, ხიდები, ასევე, როგორც პირველი, ისე მეორე კატეგორიის ქუჩები. ეს არ იქნება ერთჯერადი, არამედ გაგრძელდება მთელი ზაფხულის განმავლობაში, ყოველდღიურად. სამუშაოები დაიწყება ღამით, 00:00 საათიდან და გაგრძელდება 07:30 საათამდე. ტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემა გადაჭრილია. შარშან, ასევე, ძალიან დიდი პრობლემა იყო ის ფაქტი, რომ ქალაქს ჩვენივე ტექნიკა აბინძურებდა, წელს ეს პრობლემაც აღარ გვაქვს, შეძენილია კერხერებიც და სპეცტექნიკაც“, – განაცხადა დავით ფაჩულიამ.