თბილისის ისტორიული შენობები გასულ საუკუნეში და დღეს
განვითარების ფონზე, ქალაქის უბნებისა და შენობების სახეცვლილებას ვერ გავექცევით
განვითარების ფონზე, ქალაქის უბნებისა და შენობების სახეცვლილებას ვერ გავექცევით. ერთია, რომ ნადგურდება ძველი და ანაცვლებს ახალი. მეორე კი ძველი, აღდგენილი - შეძლებისდაგვარად, პირვანდელი სახით. ასეთი შენობები მრავლადაა თბილისში. მათი იერსახე იმდენად შეცვლილია, რომ ზოგიერთი მათგანის ამოცნობა შეუძლებელიცაა.
ამ უნიკალურ შენობებს ანალოგი არ გააჩნიათ. მათი დანახვა, ძველი დროის თბილისის აღქმას უწყობს ხელს. აღქმას ისტორიისა, რითიც სულდგმულობდა ჩვენი წინაპარი. შენობა ხომ მხოლოდ აგურისა და სამშენებლო მასალის წყობა არაა, მათ პატარა დეტალებში შეიძლება მთელი ისტორია ინახებოდეს, ქვეყნისა და თავად შენობის ისტორიაც. არქიტექტურული დეტალები, რომლებიც დედაქალაქში სანთლით საძებარია და რომლებსაც გაფრთხილება სჭირდება გულგრილს არ ტოვებს, არც თბილისის მკვიდრს და არც ტურისტს.
ასეთია ჩემი ქალაქი – აივნიანი, თაღებიანი, ნაქარგი, შემაღლებული უბნებით, ვიწრო ქუჩებით, მოედნებით, საუკუნოვანი საოცარი შენობებით.
ცისფერმაქმანებიანი სახლი
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეზოს სიღრმეში არსებული და კულტურულ ძეგლთა ნუსხაში შესული – „ცისფერი სახლი“, რუსთაველის №54-ში მოკრძალებულად დგას.
1897 წელს სახლი, არქიტექტორ კორნელი ტატიშჩევის მიერ, იურისტ ვასილ გაბაშვილისთვის აიგო, სადაც მისი მემკვიდრეები დღემდე ცხოვრობენ.
ჭიშკრიდან ეზოში შესვლისთანავე ყურადღებას იპყრობს შემდეგი სურათი – დაფარული ეზო და შადრევანი. ეზოდან მყუდრო გარემოს განცდა გეუფლებათ, რომელიც შენობის ფასადის დანახვისთანავე გიმძაფრდებათ, ფასადის დანახვისას თითქოს მუნჯდებით, ხმას ვეღარ იღებთ, რადგან სწორედ ამ დროს სახლი, ბაროკოსა და როკოკოს სტილში წარმოდგენილი, გარე ფასადითა და ულამაზესი ხის ჭვირული აივნით იპყრობს ყურადღებას, რომელიც იმდენად დახვეწილი და ფაქიზი ნამუშევარია, რომ მაქმანს მოგაგონებთ. მას სწორედ ასე მოიხსენიებენ – “სახლი მაქმანი”. სადარბაზოში შესვლისთანავე, თავს ძველი თბილისის ატმოსფეროში იგრძნობთ. აქ მცხოვრებთა კულტურაზე და ინტელექტზე წარმოდგენა შეგეექმნებათ. მოხატული ჭერი და კედლები შემკულია ჩუქურთმებით, იატაკი კი მოზაიკის ფილებით. საოცარია, რომ სახლი დაუნდობელ წლებს სასწაულებრივად გადაურჩა და დღემდე შემოინახა დედაქალაქის ისტორია.
მეექვსე საავტორო სკოლა
კერძო სკოლა თბილისში, რომელიც 2012 წელს დაარსდა, ლადო ასათიანის ქუჩის №28-ში მდებარეობს. სკოლაში სწავლობს I-XII კლასების 554 მოსწავლე სწავლობს.
1905 წელს აგებული სკოლის შენობა, კულტურის მემკვიდრეობის ძეგლია. შენობის არქიტექტურა, თბილისში ახალი გოთიკური სტილის თვალსაჩინო ნიმუშია, რომელმაც ჩვენამდე თითქმის უცვლელი სახით მოაღწია. არქიტექტორ ალექსანდერ ოზეროვის პროექტი, თავიდანვე განსაზღვრული იყო, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულება. თავდაპირველად აქ ქალთა მე-3 გიმნაზია მდებარეობდა.
2012 წელს დაწყებული სარესტავრაციო სამუშაოები შვეიცარელი არქიტექტორის, თომას კრაიერის პროექტით განხორციელდა. 180 მ² ფართობის ღონისძიებათა დარბაზი, აღდგენილია პირვანდელი სახით. იტევს 200 ადამიანს და მასპინძლობს სხვადასხვა ღონისძიებებს.
თბილისის ხელოვნების სასახლე
დედაქალაქის ულამაზეს უბანში, ია კარგარეთელის ქუჩის №6 -ში, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი – ხელოვნების სასახლე, ჩვენი კულტურის უმნიშვნელოვანესი სიძველეთსაცავია.
1895 წელს აშენებული, მუზეუმის შენობის ავტორი, ცნობილი არქიტექტორი პოლ ფრიდრიხის ძე შტერნია. შტერნი იმ დროის, ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული არქიტექტორი იყო. სასახლის სტილი, ერთი მხრივ, „აგურის გოთიკას” ენათესავება, ხოლო მეორე მხრივ, დიდ ადგილს უთმობს ისლამური არქიტექტურისათვის დამახასიათებელ დეტალებს. ოლდენბურგის სასახლე თბილისურ ტრადიციასაც მნიშვნელოვნად სცილდება: ციხე-დარბაზის ტიპის ნაგებობას აქვს ღია ტერასა, ქვის მოაჯირიანი კიბე, შუა ბასტიონი აზიდული ციცაბო სახურავით და სამსართულიანი კოშკი საიდუმლო ოთახით; მთავარ ფასადზე თავმოყრილი შეისრული თაღები, კედელში ჩასმული ვარდულები, მოაჯირის წვრილი სვეტები გოთური სტილიზაციის უჩვეულო და საინტერესო ნიმუშს ქმნის.
შენობას, რომელიც ორ ნაწილად იყოფა, 1900-იან წლებში სამხრეთით რამდენიმე ოთახი მიაშენეს. არსებობს ვარაუდი, რომ შუალედური პროექტის ავტორი ხუროთმოძღვარი ალექსანდრე როგოისკი უნდა ყოფილიყო. XX-საუკუნის 40-იან წლებში კი, სტალინიზმის ეპოქაში, საბჭოთა არქიტექტორების მიერ შენობის გაგრძელებად, სამსართულიანი ნაგებობა დაიდგა, რომელიც გარე ფასადზე ზუსტად იმეორებს, ისტორიული სასახლის მხატვრულ იერსახეს. ცალკე აღნიშვნის ღირსია მთავარ ბასტიონზე გამოსახული გერბი, სადაც ფარზე მითიური ცხოველი, მონოცეროზია გამოქანდაკებული. ესაა ძველ საბერძნეთსა და რომში, რეალურ ცხოველად მიჩნეული თეთრი ცხენი, შუბლზე დიდი რქით, რომელიც უბიწოებისა და სულიერი სიწმინდის სიმბოლოდ ითვლებოდა. ეს მითური არსება არაერთგან გვხვდება.
სამუზეუმო ექსპონატები ანტიკური პერიოდიდან იწყება – ეს გახლავთ ქალაქ ვანში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ანტიკური ნიღაბი. ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდში დაცულია ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ალექსანდრე ყაზბეგის, ალექსანდრე ახმეტელის, კოტე მარჯანიშვილის, პეტრე ჩაიკოვსკის, თეოდორ შალიაპინის, ნიკოლოზ რიმსკი კორსაკოვის ხელნაწერები. მუზემში თავმოყრილია ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა – დიმიტრი არაყიშვილის, გიორგი ერისთავის, მიხეილ ჭიაურელის, ზაქარია ფალიაშვილის, ვანო სარაჯიშვილის პირადი არქივები; ხელნაწერი პიესები, შექსპირის მაჩაბლისეული თარგმანის ვარიაციები, მუზეუმის წიგნთსაცავში ინახება XVII-XIX საუკუნეების რარიტეტული გამოცემები. აქ არის დაცული გრამფირფიტები, აფიშები, თეატრალური და კინო კოსტიუმები. ფოტო და ფოტონეგატივების ფონდში კინოფილმების „ჯიმ შვანთე!“, „მამლუქი“, „გიორგი სააკაძე“ და სხვათა უნიკალური მასალები.
უმდიდრესია სახვითი ხელოვნების ფონდი. აქ იხილავთ: XVI-XVII საუკუნეების სპარსულ მინიატურებს, XVIII საუკუნის ფრანგულ გრავიურებს, ძველი თბილისური მხატვრობის საუკეთესო ნამუშევრებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ლევ ბაქსტის, ალექსანდრე ბენუას, ფერნანდ ლეჟეს, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, პეტრე ოცხელის, ირაკლი ფარჯიანის ფერწერული ტილოები და გრაფიკული ნამუშევრები.
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ადგილზე არსებული ამიერკავკასიაში მეფისნაცვლის პირველი სასახლე
რუსთაველის №6-დან გამზირს ამაყად და მკაცრი იერსახით გადმოჰყურებს, 1802 წელს აშენებული შენობა, რომელიც 1807 წელს დაანგრიეს და ახლით შეცვალეს.
1818 წელს იგი კვლავ დაანგრიეს და არქიტექტორ ბრაუნმილერის პროექტით, მთავარმართებლის ახალი სასახლე ააშენეს.
1844 წლიდან მეფისნაცვლის თანამდებობის შემოღებასა და მიხეილ ვორონცოვის მეფისნაცვლად დანიშვნას, სასახლის არქიტექტურული იერსახის ცვლილებაც ისევ მოჰყვა. მეფისნაცვლის სასახლე გამოირჩეოდა ბრწყინვალებითა და დარბაზებით.
საბოლოო სახე კი 1869 წელს შვედი ხუროთმოძღვრის, ოტო იაკობ სიმონსონის პროექტით მიიღო, რომელიც თბილისში ხანგძლივად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
სასახლეს მან სრულიად ახლებური იერი მიანიჭა: კლასიცისტური ფასადი რენესანსული ელემენტებით, ჰარმონიულმა ერთობლიობამ შეცვალა.
შენობის ფასადები მკაცრი და ოფიციალურია. განსხვავებული, ინტიმური და ამავე დროს საზეიმო იერი მხოლოდ სამხრეთ ფასადს აქვს, რომელიც ელეგანტური რკინის სვეტების მქონე მორკალულმარშიანი ღია კიბე-აივნით არის მიმართული ბაღისკენ. ინტერიერი, XIX საუკუნის თბილისური სასახლეების ტრადიციისამებრ, კლასიცისტურ ორდერთან ერთად (დიდ ფოიეში, მეფისნაცვლის მისაღებსა და კაბინეტებში) გვიანირანული არქიტექტურისთვის დამახასიათებელ მორთულობასაც შეიცავს.
1917-1921 წლებში სასახლეში (მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ და მთავრობამ დაიდო ბინა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ 1921 წლიდან, ამ შენობაში მოთავსდა საქართველოს სსრ ცაკი და ეწოდა საბჭოთა საქართველოს მთავრობის სასახლე. 1937 საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებით სასახლეში უნდა მოწყობილიყო თბილისის პიონერთა და ოქტომბრელთა სასახლე (რეკონსტრუქცია ჩატარდა არქიტექტორ არჩილ ქურდიანის ხელმძღვანელობით). 1941 წლის 2 მაისს შენობა ხელახლა გაიხსნა, როგორც პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლე, რომელსაც 1959 წელს ბორის ძნელაძის სახელი მიენიჭა. ამჟამად, შენობაში განთავსებულია საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.
დღეისათვის, ეროვნულ სასახლეში უამრავი მოზარდია დარეგისტრირებული, რომლებიც სხვადასხვა წრეზე დადიან. აქ ბევრი მიმართულებაა: თეატრალური, მუსიკალური, ქორეოგრაფიული, სპორტული, უცხო ენების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და სხვ.