რა ჯდება ერთი დღით განთავსება თბილისის ბრენდულ სასტუმროებში – ტოპ 8 ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო დედაქალქში
რთულია თბილისის შესახებ ემოციების გაზიარება მათთვის, ვინც არ იცნობს ამ პატარა, კულტურული მრავალფეროვნებით აღსავსე ქალაქს...
ადგილი, სადაც ევროპული გავლენა ისეთივე ძლიერია, როგორც აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. ადგილი, რომელიც მსოფლიოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. საქართველოსა და ამ პატარა ქალაქის მიმართ მზარდ ინტერესზე ალბათ, ქვეყანაში შემოსული სტუმრების მზარდი ნაკადიც მიუთითებს.
მხოლოდ 2023 წლის I კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 2.1-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი – 48.7 %, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.
მხოლოდ ამ წლის იანვარ-მარტში კი საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა $795.4 მილიონს მიაღწია, რაც 102%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.
ფაქტია, ჩვენი ქვეყნის მიმართ დაინტერესება დღითიდღე მზარდია. შესაბამისად საინტერესოა როგორ ხვდებიან ჩვენი დედაქალაქის ბრენდული სასტუმროები ტურისტებს და ასევე რა სერვისებს სთავაზობენ ადგილობრივ მაცხოვრებლებს.
ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად გთავაზობთ თუ რა ჯდება ერთი დღით განთავსება თბილისის ბრენდულ სასტუმროებში. 17 ივლისის მდგომარეობით, წარმოგიდგენთ ერთ ადამიანზე სასტუმროში განთავსებას, ყველაზე დაბალ ფასად:
Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace
ძველი თბილისის შუაგულში, თავისუფლების მოედნიდან 2,2 კმ-ის დაშორებით, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ი მდებარეობს.
შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი პირველი საერთაშორისო სასტუმროა ამიერკავკასიაში, რომელიც 1991 წლიდან ქალაქის ღირშესანიშნავ შენობად ითვლება. სასტუმრო 2019 წელს მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ, საზეიმოდ გაიხსნა.
220-ნომრიან სასტუმროში თითოეული ოთახის ინტერიერი ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრებით არის გაფორმებული, რომლებზეც აღბეჭდილია საქართველოს სხვადასხვა კუთხე. Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ის ელეგანტური ნომრები დედაქალაქის ან მთის ხედებზე იშლება. სასტუმროს აქვს 2,000 კვ.მ სივრცე მრავალმხრივი შეკრებებისთვის, მათ შორის – 12 ოთახი საქმიანი შეხვედრებისთვის და 1000 კვ.მ. ფართობის დარბაზი საერთაშორისო კონფერენციებისთვის, გამოფენებისთვის და ა.შ.
სასტუმროში ფუნქციონირებს სპა და ფიტნეს-ცენტრები, მოქმედებს ხუთი ბარი, რესტორანი და სეზონური ღია აუზი. აქ მისულ სტუმრებს შეუძლიათ სადილი Ati – Rooftop Restaurant-ში მიირთვან.
სასტუმროში ნომრების ფასები ცვალებადია, თუმცა 17 ივლისის მდგომარეობით ერთი დღის ფასი – 634 ლარს შეადგენს.
The Biltmore Tbilisi Hotel
150 მეტრამდე სარკისებრი, შემინული შენობა, რომელიც თითქმის ყველა წერილიდან ჩანს და ქალაქის პირველ და ყველაზე მაღალ ცათამბჯენს წარმოადგენს თბილისისთვის – ახალ ორიენტირს, რომელიც გარკვეულწილად ქმნის წარმოდგენას ამ ქალაქში მიმდინარე არქიტექტურული, სოციალური თუ პოლიტიკური პროცესების შესახებ.
ეს არის ჰიპერ-თანამედროვე გზა თბილისის სანახავად. აქ რესტორანს, კოქტეილის ბარსა და მაღალ სართულზე მდებარე ოთახებს, დედაქალაქზე გამავალი, თავბრუდამხვევი ხედები აქვს. ამ სასტუმროს ნომრები უფრო მაღალი კლასის, ბიზნეს აპარტამენტებს წააგავს, თუმცა ნათელი და თანამედროვე დეკორით არის აღჭურვილი. ამ სასტუმროში თავს ისე იგრძნობთ თითქოს ძვირადღირებული სავაჭრო უბნის შუაგულში, თქვენ კარგად ხართ მოთავსებული ქალაქის გლამურულ მხარეში.
The Biltmore Tbilisi Hotel თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან 300 მეტრში, რუსთაველის თეატრიდან 400 მეტრში, ხოლო თავისუფლების მოედანიდან 1 კილომეტრში მდებარეობს. აქ დაგხვდებათ დახურული აუზი, სპა და ფიტნეს ცენტრი. სასტუმროს აქვს მზის ტერასა და საუნა. სტუმრებს შეუძლიათ მიირთვან სასმელი ბარში ან დააგემოვნონ სხვადასხვა კერძები ადგილზე რესტორანში.
სასტუმროში ნომრების ფასები ცვალებადია, თუმცა 17 ივლისის მდგომარეობით ერთი დღის ღირებულება – 578 ლარს შეადგენს.
Ambassadori Tbilisi Hotel
თბილისის სასტუმროებს შორის ერთ-ერთი ბესტსელერი! სრულიად ახალი სასტუმრო Ambassadori Tbilisi – მდიდრული ნომრებით, მარმარილოს სველი წერტილებითა და ელეგანტური იტალიური ინტერიერით, მდებარეობს თბილისის ისტორიულ, კულტურულ და ღამის ცენტრში, სადაც ყველაფერი ხელისგულზეა გადაშლილი.
სასტუმროს ავეჯი შექმნილია ექსკლუზიურად ამბასადორი თბილისისთვის ფრანჩესკო მოლონის მიერ. 120 გემოვნებით მორთული ოთახი, აქედან 84 განთავსებულია შენობის ახალ ულტრალუქს ნაწილში. ლამაზი დახურული საცურაო აუზი და სპა, სპორტული დარბაზი, მზის ტერასა და საუნა, მრავალფეროვანი სასადილო და გარე კაფე, საკონფერენციო დარბაზი, კერძო პარკინგი, ექსკლუზიური პარფიუმერიის მაღაზია – Aromateque, Stefano Ricci მაღაზია და VIP კაზინო სასტუმროს სტუმრებს ემსახურება. სასტუმრო ასევე გთავაზობთ მანქანის დაქირავებას.
Ambassadori Tbilisi-დან თავისუფლების მოედანი 5 წუთის სავალ მანძილზეა, ხოლო რუსთაველის თეატრი 900 მეტრში.
სასტუმროში ნომრების ფასები ცვალებადია, თუმცა დღეის მდგომარეობით ნომრის ღირებულება ასე გამოიყურება – 490 ლარს შეადგენს.
Wyndham Grand Tbilisi
თბილისში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi 2019 წლის მაისში გაიხსნა. სასტუმროს გახსნისთვის 48 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში განთავსებული სასტუმრო – „ვინდამ გრანდ თბილისი“ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და ეროვნული მუზეუმის ისტორიული შენობებს შორისაა მოქცეული.
სასტუმროში 158 ნომერი, 17 ლუქსი, მათ შორის ორი საპრეზიდენტო, ხუთი საკონფერენციო სივრცე, ლაუნჯ-ბარი და სამი რესტორანია. გარდა ამისა, 5 ვარსკვლავიანი Wyndham Grand Tbilisi გთავაზობთ დახურულ აუზს.
ამასთან, Wyndham Grand Tbilisi-სათვის სპეციალური დაკვეთით 22 მეტრიანი „მშვიდობის ჭაღი“ დამზადდა, რომელიც 1500 კვ.მ ჰოლშია განთავსებული. სასტუმრო კომპლექსში გამოფენებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებისთვის ყველა პირობაა გათვალისწინებული.
კომპანია Wyndham Hotels & Resorts მსოფლიო მასშტაბით 80-ზე მეტ ქვეყანაში 9 ათასამდე სასტუმროს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ Wyndham Hotels & Resorts სასტუმროების მართვის სერვისის წამყვანი მიმწოდებელია. ბრენდი წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით ისეთ წამყვან ტურისტულ ცენტრებში, როგორებიცაა: ლონდონი, ნიუ-იორკი, ჩიკაგო, სტამბოლი, ათენი, შანხაი და სხვა.
Wyndham Grand Tbilisi თავისუფლების მოედნიდან 300 მეტრში. შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო აკადემიური თეატრი 1,1 კმ-ის დაშორებით, ხოლო ქალაქის ცენტრი 700 მეტრის დაშორებით მდებარეობს. ახლომდებარე ღირსშესანიშნაობებია: თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, წმინდა გევორგის სომხური ეკლესია და მეტეხის ტაძარი.
სასტუმროში ნომრების ფასები ცვალებადია, თუმცა 17 ივლისის მდგომარეობით მისი ღირებულება – 480 ლარს შეადგენს.
Pullman Tbilisi Axis Towers
ეს სასტუმრო ცენტრალურ უბანში მდებარეობს და მის გარშემო თავმოყრილია პარკები, მაღაზიები, საელჩოები, კაფეები, ბარები, სტადიონი და ეთნოგრაფიული მუზეუმი.
Pullman Tbilisi Axis Towers-ი, პრემიუმ კლასის საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის Pullman Hotels & Resorts, Accor-ის მეხუთე სასტუმროა საქართველოში. თბილისის პრესტიჟულ უბანში განლაგებული სასტუმრო, რომელიც გარშემორტყმულია მრავალფეროვანი სავაჭრო და გასართობი ობიექტით, 20 წუთის სავალ გზაზეა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.
Pullman-ის სასტუმროში სტუმრებს ხელოვნება და თანამედროვე ესთეტიკა ხვდებათ. ინტერიერის დიზაინი, Axis-ის არქიტექტორთა გუნდისა და ფრანგ დიზაინერ კრისტოფ პილესთან თანამშრომლობით შეიქმნა. Pullman Tbilisi Axis Towers გთავაზობთ ისეთ გარემოს, სადაც საქმიანი შეხვედრები და დასვენება ერთმანეთს ერწყმის. სასტუმროში 36-ე სართულზე წარმოდგენილია რესტორანი “Dumas”, რომელშიც შეძლებთ ფრანგული და ხმელთაშუა ზღვის სამზარეულო დააგემოვნოთ. 37-ე სართულზე განთავსებულია Sky Bar “Weather Report”.
სასტუმროში ელეგანტური სტილის 220 ნომერია, რომლებიც შენობის მე-19-დან 35-ე სართულებზეა განლაგებული. ნაცრისფერ ფერებში გაწყობილი, ნათელი აქცენტებით და ლოფტის სტილის ელემენტებით, თითოეული ოთახი პანორამულ ფანჯრებს და ქალაქის ხედებს გთავაზობთ. გარდა ამისა, ყველა ოთახი თანამედროვე და ფუნქციონალური დიზაინისაა. Pullman-ი სტუმრებს ოთახის უფასო ფიტნეს კომპლექტებს სთავაზობს, რომლებიც მოთხოვნის შემთხვევაში ხელმისაწვდომია ყველა ოთახსა და ლუქსში.
აქვე განთავსებულია ფიტნეს ცენტრი, საცურაო აუზი, ორი საუნა, ორთქლის ოთახი, კრივის რინგი და ფიტნეს დარბაზი.
სასტუმროში ნომრების ფასები ცვალებადია, თუმცა 17 ივლისის მდგომარეობით მისი ფასი – 454 ლარს შეადგენს.
Royal Tulip Hotel & Casino
თავისუფლების მოედნიდან 4.1 კმ-ის დაშორებით Royal Tulip Hotel & Casino მდებარეობს.
5 ვარსკვლავიანი, 13-სართულიანი და 120-ნომრიანი სასტუმრო Royal Tulip-ი წელს, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაიხსნა. აღნიშნულ პროექტში ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 5 მლნ-ზე მეტ დოლარს შეადგენს.
სასტუმროში განთავსებულია, როგორც აუზი, რესტორნები, გასართობი და დასვენების სივრცეები, ასევე სატრენაჟორო და საკონფერენციო დარბაზები. 5-ვარსკვლავიან სასტუმრო Royal Tulip Hotel & Casino-ში, ზოგიერთ ოთახს აქვს მთის ხედი. ადგილზე ყოველდღიურად ხელმისაწვდომია სასადილო, ადგილობრივი ან ინგლისური-ირლანდიური საუზმით.
რუსთაველის თეატრი Royal Tulip Hotel & Casino-დან 4,5 კილომეტრშია, ხოლო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 4. 7 კმ დაშორებით.
Royal Tulip ბაზარზე პირველად 1960 წელს გამოჩნდა და დღეს მსოფლიოს 41 ქვეყანაში, 1500-მდე სასტუმროთი არის წარმოდგენილი.
ამ სასტუმროში განთავსება 17 ივლისის მფგომარეობით, 434 ლარად არის შესაძლებელი.
Radisson Blu Iveria Hotel
პრემიუმ კლასის ბიზნეს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ 2009 წელს გაიხსნა. 5-ვარსკვლავიანი 18-სართულიანი სასტუმრო, 249 პრემიუმ კლასის ნომერს, 2 საერთაშორისო დონის რესტორანს – იტალიურ „ფილინი“-სა და აზიურ „უმამი“-ს აერთიანებს. სტუმრებს ასევე საშუალება აქვთ ეწვიონ „ოქსიჯენ ბარს“, რომელიც მე-18 სართულზე მდებარეობს და თბილისის ულამაზესი ხედებით დატკბნენ. საქმიანი შეხვედრებისთვის იდეალური ადგილია „სერფეის“ ბარი.
სასტუმრო ასევე მოიცავს „ან სემონე“-ს პრემიუმ კლასის სპას, ღია და დახრულ აუზებს და ღონისძიებების სივრცეებს, რომელთა საერთო მოცულობა 830 კვ.მ-ს შეადგენს. აქ სტუმრებს შეუძლიათ დაისვენონ საუნაში, დაჯავშნონ მასაჟი და მოინახულონ კაზინო.
სასტუმრო Radisson Blu Iveria აღჭურვილია თანამედროვე, მინიმალისტური დეკორით. „რადისონ ბლუ ივერია“ ყოველწლიურად Safe Hotel Aliance-ის ოფიციალურ სერტიფიკატს ღებულობს და აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და დაცული სასტუმრო მსოფლიოში.
5-ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის კომერციული და ბიზნეს უბნის შუაგულში და ძველი ქალაქიდან 10 წუთის სავალზე მდებარეობს.
სასტუმროში ნომრების ფასები ცვალებადია, თუმცა დღეს მისი ღირებულება – 413 ლარს შეადგენს.
Hotels & Preference Hualing Tbilisi
საერთაშორისო ბრენდის ხუთვარსკვალვიანი სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi საერთაშორისო სასტუმროთა ქსელის – „Hotels & Preference“–ის პირველი წარმომადგენლობაა საქართველოში. სასტუმრო 2015 წელს გაიხსნა, ხოლო პროექტის საერთო მოცულობამ 73 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
თბილისის ზღვასთან მდებარე, 5 ვარსკვლავიან სასტუმროს აქვს 246 ნომერი, რეკრეაციული ცენტრი შიდა საცურაო აუზითა და სპორტული დარბაზებით და საქართველოში ყველაზე დიდი – 800 მ2 ფართის საკონფერენციო დარბაზი.
“ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი” სტუმრებს დასვენების მრავალფეროვან საშუალებებს სთავაზობს. სასტუმროს ბრენდის ქვეშ არსებული ბიზნეს კატეგორიის რეკრეაციული ცენტრი – „Be PURE“ 3500 კვ.მ.-ს უტოლდება. სასტუმროს სტუმრებს საშუალება აქვთ 25 მეტრიანი დახურული საცურაო აუზით, საუნით, სპა-ჯაკუზით, და 3D გოლფ სიმულატორით ისიამოვნონ.
„ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი” თავის სტუმრებს სთავაზობს სასტუმროს ბრენდის ქვეშ არსებულ რესტორანს – Be CHIC, აზიური, ევროპული და ქართული სამზარეულოთი და ჩინურ რესტორანს – ENSEMBLE ჩინეთის სხვადასხვა რეგიონის ეგზოტიკური კერძებით.
„HoTels & preferens” 2000 წელს საფრანგეთში დაარსდა. დღეს უკვე ბრენდად აღიარებული სასტუმრო მსოფლიოში 150 სასტუმროთი არის წარმოდგენილი და პრემიუმ სასტუმროთა ქსელის ტოპ ხუთეულშია.
17 ივლისის მდგომარეობით, სასტუმროში განთავსება – 404 ლარს შეადგენს.