თბილისის ანძა ლურჯად განათდა
თბილისის ანძა ლურჯად განათდა, რაც მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. აღნიშნული აქტივობით ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები დაიწყო.
„მნიშვნელოვანია, რომ ბოლო რამდენიმე წელია, მსოფლიო აქციას ჩვენი დედაქალაქიც უერთდება. კიბოს პრევენციისა და ამ პრობლემისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა შესაბამის ფერებში ნათდება. ასევე, იმართება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც კიბოს სკრინინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენაა მიმართული. ეს არის კიდევ ერთი საშუალება, რაც შეახსენებს მოქალაქეებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროული მომართვიანობა დაავადების შორსწასული ფორმებისა და ლეტალური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. ჩვენი საინფორმაციო კამპანიაც მიმართულია კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის, პრევენციისა და სკრინინგული პროგრამების პოპულარიზაციისკენ“, – განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ.