რას შეცვლის ქვეშეთი-კობის გზის პროექტი და რამდენ ხანში იქნება შესაძლებელი თბილისიდან სტეფანწმინდამდე ჩასვლა

ქვეშეთი-კობის გზის პროექტი გადაადგილების დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათამდე სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება. თბილისიდან გუდაურამდე გადაადგილების დრო 2 საათის ნაცვლად, 1 საათი და 30 წუთი გახდება. თბილისი-სტეფანწმინდის მიმართულებით გადაადგილებას კი, 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად, 1 საათი და 45 წუთი დასჭირდება.

რას შეცვლის ქვეშეთი-კობის გზის პროექტი და რამდენ ხანში იქნება შესაძლებელი თბილისიდან სტეფანწმინდამდე ჩასვლა

ახალი გზის დასრულების შემდეგ, კობის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ზამთარში აღარ შეიზღუდება, ხადას ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარესამყაროსთან.

ამ დროისათვის, პროექტის მეორე მონაკვეთზე 4 გვირაბიდან უკვე გაჭრილია ყველაზე გრძელი – 1.5 კმ სიგრძის გვირაბი. გაჭრილია მე-3 გვირაბიც, სამუშაოები გრძელდება ხუთივე ხიდზეც, პროექტის პირველ მონაკვეთზე კი 9 კმ. სიგრძისა და 15 მ. დიამეტრის გვირაბის გაჭრა დასრულებულია. ახალი 9 კმ-იანი გვირაბი, საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება.