რა ეტაპზეა თბილისში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია
თბილისში, სამგორის რაიონსა და პატარა ლილოს დასახლებაში, N127 და N215 სკოლების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, სკოლების სრული რეაბილიტაცია თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნასა და შენობების სრულ კეთილმოწყობას ითვალისწინებს.
„გრძელდება თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესი. დღეს 127-ე და 215-ე სკოლები მოვინახულეთ და ადგილზე გავეცანით სამუშაოების მიმდინარეობას. განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, 2025 წლიდან, თბილისის კიდევ ორი სკოლის მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ სრულად ადაპტირებული, უსაფრთხო, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი საგანმანათლებლო, სპორტული ინფრასტრუქტურითა და სივრცეებით“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.
მათივე ცნობით, თბილისის 127-ე სკოლა გასული საუკუნის 60-იან წლებში უსინათლოთა საზოგადოების მიერ აშენდა. დღეს სკოლის მოსწავლეთა დაახლოებით 30% მცირედ მხედველია, ამასთანავე სკოლაში სხვა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებიც სწავლობენ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სკოლა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე: მოეწყობა პანდუსები და ლიფტები, ადაპტირებული სველი წერტილები. 215-ე სკოლა მომავალი სასწავლო წლიდან სრულად რეაბილიტირებული, უსაფრთხო და თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეებით უმასპინძლებს პატარა ლილოს დასახლებაში მცხოვრებ მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს.