თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა გრძელდება – პროექტის ღირებულება 527 მილიონ ლარზე მეტია
მასშტაბური პროექტი, რომელიც თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობას გულისხმობს , თბილისის კახეთთან და აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია. ძველი გზა მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის: ვაზიანში, სართიჭალაში, ნინოწმინდასა და საგარეჯოში. ახალი გზა კი ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, განტვირთავს მოძრაობას დასახლებებში, უზრუნველყოფს გადაადგილების უსაფრთხოებას და შეამცირებს მგზავრობის დროს.
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 3 მონაკვეთადაა დაყოფილი, სადაც შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის ჩქაროსნული საავტომობილო გზა.
“პირველ, ყველაზე გრძელ 24 კმ-იან მონაკვეთზე, ინტენსიურად მიმდინარეობს საფარის დაგების სამუშაოები, დასრულებულია ყველა ხელოვნური ნაგებობა, მიმდინარეობს მისასვლელი გზების, კვანძების და სხვა კომუნიკაციების მშენებლობა. 35 კმ-იანი მონაკვეთი წელს დასრულდება, რაც კახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. პროექტით გათვალისწინებულია 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რომელიც, საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვით, 110 კმ საათში გადაადგილების საშუალებას მოგვცემს,”- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
შეგახსენებთ, რომ, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 მილიონ ლარზე მეტია.