როდის დაიწყება თბილისი-რუსთავის დაპაუზებული ავტომაგისტრალის მშენებლობა
თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ფონიჭალის მონაკვეთის სიგრძე 6.8 კილომეტრია.
როგორც kalaki.ge-სთვისაა ცნობილი პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა დასრულებულია. სამუშაოებზე 184 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა.
როგორც რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ამბობს, აღნიშნულ ავტომაგისტრალს განსაკუთრებული დატვირთვა არა მხოლოდ რუსთავის მაცხოვრებლებისთვის აქვს, არამედ მას რეგიონული მნიშვნელობა აქვს. ლაცაბიძე ამ კუთხით სიახლეებზე ვერ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ პროექტის დასრულება ძალიან დიდი შესაძლებლობის მომტანია.
“ეს არ არის მხოლოდ რუსთავისთვის დიდი ინტერესი, რეგიონის ჭრილში ეკონომიკური სტაბილურობისთვის, უფრო გაძლიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაგისტრალი. ეს არის ჩვენი, რუსთაველების პოზიცია, რომ ამ მაგისტრალის დასრულებით ჩვენ უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება.
რაც შეეხება კომუნიკაციას, სამთავრობო დონეზე, რა თქმა უნდა, სამინისტროში ჩვენ გვქონდა შეხვედრები. სამწუხაროა, რომ მოსახლეობის მხრიდან იყო მსგავსი დამოკიდებულება და ვერ მოხდა შეთანხმება. ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, მთავარი პრობლემა არის ის, რომ მოსახლეობის გასახლების პროცესში შეიქმნა გარკვეული პირობები, რომელიც არ დაკმაყოფილდა. მოსახლეობა არ დათანხმდა იმ პირობებზე რაც იყო და დღეს გვაქვს ის მდგომარეობა რაც გვაქვს. ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია, ჩვენთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია და სამწუხაროა, რომ ამ ეტაპზე ვართ,”-აცხადებს ნინო ლაცაბიძე.