ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანია AIR CHINA თბილისიდან ჩინეთის ქალაქ ურუმჩის შორის პირდაპირ ფრენებს განიხილავს
AIR CHINA ავიარეისების განხორციელებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან თბილისსა და ურუმჩის შორის კვირაში სამი სიხშირით განიხილავს. ინფორმაციას kalaki.ge-ს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უდასტურებენ.
უწყების ცნობით, რეისების დასაწყებად ავიაკომპანიასთან კონსულტაციები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს China Southern Airlines-ი ასრულებს.
2023 წელს ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 48,304 შეადგინა, რაც, 2022 წელთან შედარებით, 554.5-პროცენტიანი მატებაა. 2024 წლის ორი კვარტლის მონაცემებით კი ჩინეთიდან 32,853 ვიზიტი განხორციელდა. ზრდამ 2023 წელთან შედარებით 159.5 პროცენტი შეადგინა.