თბილისში ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეაბილიტაცია იწყება
თბილისში ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეაბილიტაცია იწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე განცხადებით ლილოს პოლიგონზე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება.
„თბილისის მყარი ნარჩენების მართვის ოპტიმიზაციისა და გაუმჯობესების მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან წლებია აქტიურად ვთანამშრომლობთ. პროცესში ჩართული არიან მათი ექსპერტები, რომელთაც ამ მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ. ჩვენი საიმედო პარტნიორის ფინანსური მხარდაჭერით, ვიწყებთ კიდევ ერთ პროექტს – ესაა ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეაბილიტაცია ბელიაშვილის ქუჩაზე. შედეგად, დედაქალაქს ექნება უსაფრთხო, მოდერნიზებული და ლოგისტიკურად უფრო გამტარი გადამტვირთავი სადგური. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ცილინდრული ტიპის დანადგარები საპრესი მოწყობილობით, რაც საგრძნობლად დააჩქარებს და ოპტიმალურს გახდის ნარჩენის გადატვირთვის პროცესს, გაზრდის ნარჩენების გადაზიდვის ეფექტიანობას და შეამცირებს სუნს. ასევე, მოეწყობა მოდერნიზებული სამრეცხაო, სპეცტექნიკისთვის განკუთვნილი პარკინგი და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 4 409 660 ევროს. რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება დიდი ლილოს პოლიგონზე. მათ შორისაა, მასალების აღმდგენი ობიექტისა და მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების საწარმოს მშენებლობა, რაც ფაქტობრივად ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავების დაწყების საფუძველი იქნება. ამ პროექტის განხორციელების მიზნით, EBRD-თან სასესხო შეთანხმებას ამ თვეში მოეწერება ხელი, პარალელურად კი მიმდინარეობს საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის შერჩევა, რათა სატენდერო დოკუმენტაცია შედგეს. პროექტი ჩვენი უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერით ხორციელდება, რადგან საქართველოში, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არ გვყავს შესაბამისი გამოცდილების მქონე სპეციალისტები“, – აღნიშნა თბილისის მერმა.