ფოტოფაქტი-როდის დასრულდება დედაქალაქში მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობას გულისხმობს
ხიდი, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩას და ბაგების დასახლებას დააკავშირებს, დედაქალაქში მიმდინარე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტური პროექტია.
ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა მომდევნო ეტაპზე გადავიდა. ხიდზე ლითონის მალის ნაშენის გადაცურების სამუშაოები და ბურჯებზე დამონტაჟების პროცესი დასრულდა. მიმდინარე პროექტი დედაქალაქის მერმა მოინახულა, მისივე განცხადებით, ხიდის მშენებლობა აპრილში უნდა დასრულდეს.
“ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის – ახალი ხიდი, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩას და ბაგების დასახლებას დააკავშირებს. სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, ხიდი უკვე ბურჯებზე დგას. გარკვეული დრო დასჭირდა ამ სამუშაოებს, რადგან ძალიან დიდი სიფრთხილით მიმდინარეობდა. შესაბამისი ექსპერტები აკვირდებოდნენ ამ ყველაფერს. აპრილში უნდა დასრულდეს პროექტი. ხიდი ოთხზოლიანი იქნება, ასევე ახალი მისასვლელი ეწყობა ბაგების გზაზე, თავისი წრიულით. ეს სამუშაოები ცოტა ადრე დამთავრდება, თუმცა მთლიანობაში პროექტი აპრილში დასრულდება. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს ახალი გზის მშენებლობა, რომელიც ქავთარაძის ქუჩას დააკავშირებს ბაგებთან”, – განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, რკინა-ბეტონის ფილების მონტაჟი და საიზოლაციო სამუშაოები იწყება. ასევე, უახლოეს პერიოდში მოაჯირები მოეწყობა. ბოლო ეტაპზე, სახიდე გადასასვლელზე ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა გარე განათების ქსელი.