მარშალ გელოვანისა და მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება – როდის შეძლებენ დედაქალაქელები ახალი ინფრასტრუქტურული პროექტით სარგებლობას?
ინფორმაციას, ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობის მიმდინარეობის სესახებ, თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ინფორმაციით თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მოინახულა.
„მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია. გარკვეული სირთულეები იყო პროექტის განხორციელების დროს, რადგან ამ სივრცეში მეწყრული ზონებია. დაახლოებით, 9 კერა იყო, თუმცა, ყველა დამუშავებულია და უსაფრთხოება ყველანაირად დაცულია. რაც შეეხება სამუშაოების დასრულებას, აპრილის ბოლოს საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგებული იქნება, დაიწყება ღამის განათების ბოძების მონტაჟი და ვფიქრობ, რომ მაისის შუა რიცხვებიდან ამ გზის გახსნა შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ავთანდილ ცინცაძე.