18 მეტრიანი ავტობუსების სამართავად მძღოლების გადამზადების კურსებისთვის ტენდერი გამოცხადდა
შესახსრული 18 მეტრიანი ავტობუსების სამართავად მძღოლების გადამზადების კურსებისთვის თბილისის მერია 231 460 ლარიან ტენდერს აცხადებს. შესყიდვა 7 აგვისტოს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 15 აგვისტოს დაიწყება და 18 აგვისტოს დასრულდება.
დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ სწავლება უნდა განხორციელდეს შსს მომსახურების სააგენტოს იდენტური თეორიული სწავლების პროგრამით და უნდა ჩატარდეს 10 სამუშაო გაკვეთილი. სწავლება უნდა განახორციელოს არანაკლებ 3 კვალიფიცირებულმა პედაგოგმა, რომლებსაც ექნებათ DE ან CE კატეგორიის მართვის მოწმობა.
რაც შეეხება პრაქტიკულ კურსს, სწავლება უნდა განხორციელდეს შსს მომსახურების სააგენტოს იდენტური პრაქტიკული სწავლების პროგრამით; უნდა ჩატარდეს 7 სამუშაო გაკვეთილი. სწავლება უნდა განახორციელოს არანაკლებ 3 კვალიფიცირებულმა ინსტრუქტორმა, რომლებსაც ექნებათ DE ან CE კატეგორიის მართვის მოწმობა.
დოკუმენტაციის თანახმად იგეგმება დაახლოებით 400 მძღოლის გადამზადება. მომსახურების გაწევის ვადაა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 180 კალენდარული დღე.