თბილისი არის ურთიერთობა-წარსულიდან შემორჩენილი ფრაზა თუ სინამდვილე, რომელიც დღესაც აცოცხლებს ძველ ქალაქს?
თბილისი არ არის მხოლოდ ძველი სახლები, არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, თბილისი არის ურთიერთობა, რომელიც სწორედ ერთმანეთის მიმართ პატივისცემით გამოარჩევდა ყოველთვის მსოფლიოს სხვა ქალაქებისგან. მუდამ წარსულში შეცდომებისა და სიკეთეების ძებნა, ვერც ძველ თბილისს დააბრუნებს და ვერც ძველ ურთიერთობებს აღადგენს ამიტომ მნიშვნელოვანია აქ და ახლა! ბოლოს როდის გაჩუქეს ყვავილები დედაქალაქის ქუჩაში უანგაროდ უცხო ადამიანმა? სწორედ ამაზეა ჩვენი ამბავი.
სოციალურ ქსელში გავრცელებულმა პოსტმა, გამახსენა ძველი ქალაქის ძველი ამბები, რომელიც სწორედ უანგარო სიკეთესა და ადამიანურ ურთიერთობებს უკავშირდება. თითქოს რა მარტივია, მაგრამ ყველას არ შეუძლია, ქუჩაში უანგაროდ დაარიგოს ყვავილები და სხვა ადამიანები თუნდაც ცოტახნით გაახაროს. სოციალური ქსელის მომხმარებელი აქვეყნებს პოსტსა და ჩუმად გადაღებულ ფოტოებს სადაც ჩანს მამაკაცი, რომელიც მანდილოსნებს ქუჩაში და ტრანსპორტში უანგაროდ ჩუქნის ყვავილებს.
“ისეთი ემოციებით სავსე ჩამოვედი ავტობუსიდან, რომ ამ აუდიტორიაზე უკეთესს ვერავის გავუზიარებდი გაკრეჭილი სახით სიარულის მიზეზს. დღეს ერთი მამაკაცი, ამოვიდა ავტობუსში და ყველა ქალბატონს, ისე უბრალოდ, დაურიგა ყვავილები,
კიდევ კარგა ხანს გამყვება ეს ემოცია და მადლობა იმ ადამიანს.” -წერს პოსტის ავტორი, რმელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.
ჩვენ ხშირად ვწერთ ძველი თბილისის არქიტექტურასა და იმ ძველ დროზე, როცა ერთ ერზოში რამდენიმე მეზობელი ერთი ოჯახივით ცხოვრობდა, თუმცა იმ შესანიშნავ დროს, ბედნიერება არა თბილისის არქიტექტურასა და მატერიალურ შესაძლებლობებს, არამედ სწორედ ასეთ უანგარო პატარა სიკეთეებს მოჰქონდა.