ახალი წლის ღამეს თბილისი გრანდიოზული გალაკონცერტით შეხვდება

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახალი წლის დადგომასთან ერთად, გრანდიოზული გალაკონცერტი გაიმართება-განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომზე.

ახალი წლის ღამეს თბილისი გრანდიოზული გალაკონცერტით შეხვდება

„სიხარულით სავსე დღეებში მთელ ქალაქში საახალწლო ღონისძიებები გელოდებათ. დედაენის ბაღში და ორბელიანის მოედანზე მოწყობილია „საახალწლო სოფელი“, სადაც მთელი დღის განმავლობაში სადღესასწაულო განწყობაა: კონცერტები, წარმოდგენები, საშობაო ბაზრობები, სანტას სახლი და უამრავი გასართობი პატარებისთვის. „საახალწლო სოფელში“ შეგიძლიათ, ყოველდღიურად მობრძანდეთ, წამოიყვანოთ პატარები. 31 დეკემბერს კი, ტრადიციულად, ერთად შევხვდეთ 2024 წლის შემობრძანებას. პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახალი წლის დადგომასთან ერთად, გრანდიოზული გალაკონცერტი დაიწყება. ეს იქნება ორმოქმედებიანი თეატრალიზებული შოუ, მიუზიკლი, რომელიც საქართველოსა და ევროპის კულტურას და ტრადიციებს გააერთიანებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, კონცერტის პირველ ნაწილში, ძველი ქართული, ყველასთვის საყვარელი, საახალწლო სიმღერების სრულიად განახლებული ვერსიები გაჟღერდება.

„კონცერტის მეორე ნაწილში კი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვიმოგზაურებთ და ბევრ საყვარელ სიმღერას თუ ფილმს გავიხსენებთ. გალაკონცერტში ასობით არტისტი მიიღებს მონაწილეობას: ქართველი ესტრადის ვარსკვლავები, მუსიკალური გუნდები და ანსამბლები, ევროვიზიის მონაწილე ბავშვები, პროექტ VOICE-ის მონაწილეები, მოცეკვავეები და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. ასე რომ, გელოდებით ყველას გალაკონცერტზე. ერთად გავაცილოთ 2023 წელი და ვისურვოთ ბედნიერი, წარმატებული ახალი წელი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.