ტაქსის მძღოლები Yandex-სა და Bolt-ს სასამართლოში უჩივიან-პროტესტს დედაქალაქის მერი გამოეხმაურა
Yandex-სისა და Bolt-ის ტაქსის მძღოლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, კომპანიების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. აპლიკაციით დასაქმებული ტაქსის მძღოლები Yandex-სა და Bolt-თან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას მოითხოვენ.
დასაქმებულების განცხადებით, აუცილებელია, მათი შრომა აღიარებული იყოს და გადასახადების გადამხდელებად ჩაითვალონ.
გარდა ამისა, მათივე თქმით, მოთხოვნაა არა საავტობუსო ზოლში B კატეგორიის ტაქსებისთვის მოძრაობის უფლების მიღება, არამედ – მხოლოდ მგზავრის ჩასმა-ჩამოსმის.
გასულ კვირას თბილისში აპლიკაციით მომუშავე ტაქსის მძღოლებმა კიდევ ერთი აქცია გამართეს და ავტობუსის ზოლში მოძრაობის პირობები გააპროტესტეს. აღნიშნეს, რომ რეგულაციების გამო, ჯარიმების რაოდენობა გაიზარდა. თუმცა მათი პროტესტის მთავარი მიზეზი ტარიფები და აპლიკაციებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებაა.
ტაქსის მძღოლების პროტესტს თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ მათ შესაბამისი დრო ჰქონდათ განსაზღვრული იმისთვის, რომ კატეგორია აერჩიათ და მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათით ესარგებლათ.