თამარ მეფის ხიდი – წარსულსა და მომავალს შორის კავშირის სიმბოლო
მტკვრის ორივე მხარეს გაშენებული ჩვენი დედაქალაქის - თბილისის საზოგადოების ჩამოყალიბებასთან ერთად, ხიდების არსებობის აუცილებლობა გაჩნდა.
თავდაპირველად ხიდებს პრიმიტიულად, ხისაგან აშენებდნენ, რომელთა ნარჩენებმაც ბუნებრივია ჩვენამდე ვერ მოაღწია. მოგვიანებით კი ქვა გამოიყენეს. ხიდების მშენებლობა ქართველი ხალხის ტექნიკური შემოქმედების, ერთ-ერთ ძირითად, თვალსაჩინო დარგს წარმოადგენდა. საქართველოში დღემდე გვხვდება ულამაზესი იერსახის, ძველი ქვით ნაშენი ხიდები თუ მათი ნარჩენები. ბევრი მათგანი დღეს სრულუფლებიან კულტურის ძეგლებად გვევლინებიან.
თბილისის ხიდები ათასწლეულებს ითვლის, რომლებიც წარსულსა და მომავალს შორის, კავშირის სიმბოლო გახდა. ბევრი ძალიან ლამაზი, ძველი და თანამედროვე ხიდია, რომლებსაც შეიძლება არქიტექტურისა და ინჟინერიის ნამდვილი შედევრები ეწოდოს.
XX საუკუნის დასაწყისში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმა არ არსებობდა, იმ ადგილას, სადაც ახლა თამარ მეფის ხიდია, ადრე ხევი იყო და მტკვარი თავის ნებაზე მიედინებოდა. ქალაქის სარეკონსტრუქციო და კეთილმოწყობითი სამუშაოები 20-იანი წლებიდან დაიწყო. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ვაკე-საბურთალოსთან დამაკავშირებელი ხიდის გაკეთება აუცილებელი გახდა.
1934 წლის 16 აპრილს თბილისში, სტალინის სახელობის მუშათა კლუბში გაიხსნა თბილისის საბჭოს გაერთიანებული პლენუმი, რომელმაც დაამტკიცა ახალი მშენებარე ხიდისათვის და რკინიგზის ქუჩისათვის ჩელუსკინელების სახელის მინიჭება. ხიდის მშენებლობის დასრულება დაგეგმილი იყო 1934 წლის 7 ნოემბერს, ოქტომბრის რევოლუციის 17 წლისთავისთვის. ხიდს სახელი ჩრდილოეთის მკვლევრის და ზღვაოს¬ნის, სემიონ ჩელუსკინის პატივსაცემად დაერქვა. მისივე საპატივცემულოდ „ჩელუსკინი” ერქვა არქტიკის ყინულებში, 1934 წლის 13 თებერვალს გაუჩინარებულ ხომალდს. 2 თვე ეძებდნენ მის მგზავრებს – უკლებლივ ყველა, 104-ვე მგზავრი მფრინავებმა სამშვიდობოს გამოიყვანეს. მათი გადამრჩენელი მფრინავები პირველი საბჭოთა გმირები გახდნენ. ბერი იყო მისი აგების თაოსანიც და შემსრულებელიც: არქიტექტორი ნ. სევეროვი; ინჟინრები ვ.სალუქვაძე, ნ. სლოვინსკი.
პარალელურად მიმდინარეობდა, გმირთა მოედნის მოწყობაც – ტერიტორიაზე არსებული კლდოვანი ბორცვი გაიჭრა, მერე კლდის ერთ წვერზე ცირკის შენობა აიგო, მეორე მხარეს კი – აკადემქალაქი. ვარაზისხევი 50-იანების ბოლოს ამოივსო. ასე რომ, ახალ მოედანს ერთი მხრიდან ზოოპარკი ეკრა, მეორე მხრიდან კი – ოლღას ქუჩა ჩამოდიოდა და მოედანთან სრულდებოდა.
ხიდის რკინაბეტონის ბურჯები, უხეშად გათლილი გრანტითაა მოპირკეთებული, დანარჩენი ნაწილები კი – ბაზალტის ფილებით. ხიდი ზუსტი პროპორციებით, კარგად შესრულებული დეტალებითა და მონუმენტურობით გამოირჩევა. ჩელუსკინელების ხიდის ქვემოთ, მტკვრის ორივე მხარეს, სამანქანო გზა გაიჭრა და მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები მოეწყო. ეს სამუშაო მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე დასრულდა.
1935 წელს, საბჭოთა საქართველოს მმართველმა – ლავრენტი ბერიამ, ჩელუსკინელების ხიდის სიმტკიცის შესამოწმებლად, ხიდზე მძიმედ დატვირთული ავტომობილები და ტრამვაის ვაგონები დააყენა. ამ დროს, მის ქვეშ ხიდის ინჟინერი და კონსტრუქტორი იდგნენ. ხიდმა სიმტკიცის გამოცდას გაუძლო – ინჟინერი და კონსტრუქტორი გადარჩნენ.
ქუჩასაც და ხიდსაც 1989 წელს თამარ მეფის სახელი მიენიჭა.
2019 წელს, თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსს, კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პანდუსის რეაბილიტაცია კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილისა და ტროტუარის მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას, მოაჯირების შეცვლას, ახალი გარეგანათების ქსელის და კლდის დეკორატიული მინათების მოწყობას ითვალისწინებდა. სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „კონსტრაქშენ სერვისი” აწარმოებდა.
თამარ მეფის ხიდზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით გმირთა მოედანს – XIX საუკუნის ბოლოს აქ მთავრდებოდა ქალაქი და იწყებოდა საქართველოს სამხედრო გზა.
XIX-XX სს-ის მიჯნაზე ამ ტერიტორიაზე მრავლად ყოფილა სამიკიტნოები ეგზოტიკური სახელებით: „ფანტაზია“, „ედემი“, „რასსვეტი“, „ნე უეზჟაი, გოლუბჩიკ მოი.“
1934 წელს მოედანს სახელი საბჭოთა კავშირის პირველი გმირების პატივსაცემად ეწოდა.
70-იან წლებში, განტვირთვის მიზნით, მოხდა მოედნის რეკონსტრუქცია, რომლის არქიტექტორიც კ. ნახუცრიშვილი გახლდათ. აშენდა საკმაოდ მოზრდილი კომპლექსის ნაწილი – მიწისქვეშა სატრანსპორტო გვირაბი და გადასასვლელი ფეხით მოსიარულეთათვის.
2003 წლის 27 სექტემბერს მოედანზე გაიხსნა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი. დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება ქანდაკება „ამაღლება“.
1939 წელს გმირთა მოედანზე შენდება პირველი მრავალსართულიანი (11-სართულიანი) საცხოვრებელი სახლი თბილისში, რომლის არქიტექტორი იყო საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე მიხეილ კალაშნიკოვი.
1940 წელს კი ამ 11-სართულიანი, 100 ბინიანი სახლის მოპირდაპირედ, ბორცვზე – ცირკის შენობა აშენდა, რომლის არქიტექტორები იყვნენ: ნ. ნეპრინცევი, ს. სატუნცი, ვ. ურუშაძე.
აქვეა თბილისის ზოოპარკიც, რომლის ისტორია 1927 წლის 10 თებერვლიდან დაიწყო, იმ დროს, როდესაც მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით, აღნიშნული საზოგადოების ბაზაზე დაარსებულ იქნა ზოოლოგიური პარკი და მას ვერეს ხეობაში, 70 ჰა ოდენობის მიწის ფართობი გამოეყო. ზოოპარკის პირველი დირექტორი გ.ა. ჰანსონი გახდა.