სუსმა საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
ტელეგრამ არხში გავრცელებულმა ინფორმაციამ დედაქალაქელები საგონებელში ჩააგდო, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ რუსულ არხზე სავარაუდო სასაფეთქებელი მოწყობილობები არსებობდა სასწავლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში. გვიან ღამითვე სუსმა კონკრეტული დაწესებულებების გადამოწმება დაიწყო და უწყების ცნობით რაომე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.
გთავაზობთ სახელმწიფო უწყების მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებას.
“მიმდინარე წლის 21 აპრილს, სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტ აპლიკაცია ტელეგრამში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.
სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი აგრძელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს,” – ნათქვამია განცხადებაში.