სტუდენტები თბილისში საცხოვრებლებს ქირით ეძებენ – რთული პროცესი, რომელიც სწავლის დაწყებას თან ახლავს, რას ჰყვება kalaki.ge – სთან სტუდენტი
უძრავი ქონების ბაზარზე, წელს მიგრანტების ეფექტი ნაკლებია, მიუხედავად ამისა სტუდენტებს ქირით საცხოვრებლის მოძიება უჭირთ.
უნივერსიტეტებში მალე ახალი სასწავლო წელი დაიწყება, სტუდენტებს კი აგვისტოს თვეში საცხოვრებლის მოძიება უჭირთ, რადგან ფასები მაღალია. გამქირავებლები კი ძირითად შემთხვევაში რამდენიმე ახალგაზრდის მიერ ერთად ქირაობას არ თანხმდებიან, არადა სტუდენტებისთვის ასე, ბევრად იოლია ქირის გადახდა.
kalaki.ge-ს სტუდენტი ნინო ნიაური ესაუბრა, რომელიც წელს ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში.
“რაიონში ვცხოვრობ, შესაბამისად მიწევს ვიქირაო საცხოვრებელი, რომ უნივერსიტეტში ვიარო, თუმცა მთელი ზაფხული მას შემდეგ რაც გამოცდები ჩავაბარე ვეძებ და ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე პატარა ბინა, ხელმისაწვდომი ქირით. მე და ჩემს მეგობარს გვინდა ერთად ვიქირაოთ, რომ შემდეგ გავიყოთ თანხა, მაგრამ ამაზე ძირითადად არ გვთანხმდებიან. ერთ ოთახიანის საშუალო ღირებულება, 800 ლარიდან იწყება. გადასახადი მაღალია, როგორც ქირის ასევე სწავლის და გამოდის უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ან ქირა გადავიხადოთ ან სწავლის საფასური.” – ამბობს ნინო ჩვენთან საუბრისას.
უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების დიდი ნაწილი თბილისშია თავმოყრილი, ამიტომ სწავლის გასაგრძელებლად სტუდენტებს საცხოვრებელი ადგილის შეცვალა უწევთ. ყოველწლიურად 50 000-ზე მეტი ახალგაზრდა აგრძელებს სწავლას სხვადასხვა პროფესიის დასაუფლებლად. შესაბამისად ყოველ წელს საცხოვრებლის მოძიება, ახალგაზრდებისთვის დიდ გამოწვევად რჩება.