სტიქია ქუთაისში – ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა
გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები. მოსახლეობის თქმით, დაუზიანდათ ტექნიკა და ავეჯი. დაზარალებულები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და მერიას დახმარებისკენ მოუწოდებენ.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ქალაქის რამდენიმე ქუჩაზეა, სადაც წყლის ნაკადი ეზოებში შევარდა და სახლების პირველი და მეორე სართულები დატბორა.
მერიის ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარე ოღასკურა, რამაც გამოიწვია პრობლემები: დაიტბორა ტერიტორიები და მომიჯნავე სახლები, ასევე წაიქცა ხე და შეფერხდა მოძრაობა. მათივე ინფორმაციით, გვიან ღამით დაიწყო შესაბამისი სამსახურების მიერ გაწმენდითი სამუშაოები, ამ დროისთვის პრობლემა თითქმის ყველა ლოკაციაზე მოხსნილია და სამუშაოები გრძელდება.