რა ბედი ელის სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს

საკითხი აქტუალური მას შემდე გახდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სტუდენტებს, რომელთაც სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვთ შეჩერებული, სახელმწიფო დავალიანებას სრულად დაფარავს. ამ დღის შემდეგ კი სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება.

რა ბედი ელის სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისათვის დავალიანების განულება 2024 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ იქნება. დღეს გამართულ სხდომაზე კაკაურიძემ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტებს თანხები მიმდინარე წელსვე აუნაზღაურდებათ.

“ამ პროგრამის ზუსტი ფინანსური ხარჯი მაქსიმუმ 1 თვეში გვეცოდინება, რადგან ვალდებულებების გამოსყიდვის პროცესი ახლა დაიწყო. 2024 წლის ბიუჯეტში ეს თანხები არ იქნება გათვალისწინებული, რადგან 2023 წელსვე აუნაზღაურდებათ თანხები იმ უნივერსიტეტებს, რომლებიც ვალდებულებების გამოსყიდვას დათანხმდნენ. ჯერჯერობით მხოლოდ ორი უნივერსიტეტი არ დათანხმდა პროგრამაში მონაწილეობას. თუ თქვენი ოჯახი სოციალურად დაუცველია და თქვენ კარგად სწავლობთ, შესაძლებლობა გაქვთ, რომ სოციალური გრანტი მიიღოთ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სოციალურად დაუცველის სტატუსი არ გაქვთ, გრანტის პირობები ამას არ ითვალისწინებს. დავალიანებას დაგიფარავთ, მაგრამ ის, რომ სწავლის გადასახადს დაგისუბსიდირებთ, დაპირება არ ყოფილა”, – ამბობს კაკაურიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 30 ათასი სტატუს შეჩერებული სტუდენტია, რომელთა დავალიანება 40 მლნ ლარია.