რა ბედი ეწევა სპორტის უნივერსიტეტს – ახალი მშენებლობა პროცესშია
ერის ფიზიკური აქტივობა, ცხოვრების ჯანაღი წესის დაცვა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამაზე ყველა ვთანხმდებით...
ერის ფიზიკური აქტივობა, ცხოვრების ჯანაღი წესის დაცვა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ვთანხმდებით იმაზეც, რომ ეს ყველაფერი კი რაც შეიძლება მეტ და მრავალფეროვან სპორტულ-გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას მოითხოვს, მაგრამ რა კეთდებოდა ამ მხრივ წლების განმავლობაში? როგორ ბარბაროსულად ინგრეოდა სხვადასხვა დიდი თუ პატარა სტრატეგიული სპორტული ობიექტები, ეს კიდევ მეორე საკითხია. ვინ აგებდა პასუხს არსებული ინფრასტრუქტურის განადგურებაზე? - არავინ...
ასეთი შენობების მიმართ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, რომ გამოეჩინათ, ეს ობიექტები კიდევ მრავალ თაობას მოემსახურებოდა და საერთაშორისო ასპარეზზე, მრავალი ახალგაზრდის წინსვლას შეუწყობდა ხელს. სწორედ ასეთი განადგურებული შენობების რიცხვს მიეკუთვნება საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის შენობა.
უნივერსიტეტის ისტორია 1935 წლის 21 ივნისიდან იწყება, როდესაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიქმნა ფიზიკური კულტურის განყოფილება, რომელიც იმავე წელს გადაკეთდა ფიზიკური კულტურის ფაკულტეტად.
ფაკულტეტის შექმნასა და მის შემდგომ მუშაობაში, გამორჩეული ადგილი უკავია პროფესორ გიორგი მღებრიშვილს − ფაკულტეტის პირველ დეკანს. ის გახლდათ სამკურნალო ფიზკულტურისა და საექიმო კონტროლის დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. 1930 წელს, მისი თაოსნობით დაარსდა თბილისის ფიზკულტურის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც 1935 წლამდე თავადვე ხელმძღვანელობდა. 1938 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ფიზკულტურის ფაკულტეტი გამოეყო უნივერსიტეტს და მის ბაზაზე შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, რომლის პირველი დირექტორი იყო თედო სხირტლაძე. ქარხნის ყოფილი შენობა, რომელიც ინსტიტუტის საჭიროებებისათვის გადააკეთეს, ვერ აკმაყოფილებდა სასწავლო პროცესისათვის აუცილებელ მოთხოვნებს; არ იყო საკმარისი აუდიტორიები და ინვენტარი; სასწავლებელს არ გააჩნდა საკუთარი სპორტული ბაზები, სათანადო ლაბორატორიები და სასწავლო კაბინეტები. საჭირო იყო სპორტული ბაზების იჯარით აღება, რომლებიც ინსტიტუტიდან შორს მდებარეობდნენ. ყოველივე ეს მნიშვნელოვან სიძნელეებს უქმნიდა სასწავლო პროცესის ნორმალურ მიმდინარეობას. მიუხედავად ამისა, სპორტის უმაღლესი სასწავლებელი ნელ-ნელა ძალას იკრეფდა.
1939 წელს, ფიზიკური კულტურის ინსტიტუტმა, ჩვენს ქვეყანას მისცა სპეციალისტთა პირველი გამოშვება. ჯამში სულ 93 სპეციალისტი.
წლების განმავლობაში, სულ უფრო უმჯობესდებოდა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის სასწავლო-მატერიალური ბაზა. 1955 წლიდან ის გადავიდა სპეციალურად მისთვის აგებულ ახალ შენობაში, რომელიც შემდგომში სისტემატურად მდიდრდებოდა სპორტული ბაზებით, ლაბორატორიებითა და სასწავლო-სპორტული თუ სამეცნიერო-მეთოდური მუშაობისათვის საჭირო სხვა ტექნიკური საშუალებებით და მოწყობილობებით. კეთილმოეწყო და აღიჭურვა სპორტული დარბაზები: ტანვარჯიშის, ფრენბურთის, კალათბურთის, ძალოსნობის, ჭიდაობისა და აღმოსავლური ორთაბრძოლების დარბაზები; ჩოგბურთის კორტები; ხელბურთის და კალათბურთის ღია მოედნები; ფეხბურთის სტადიონი; მძლეოსნური სარბენი ბილიკები; ხტომებისა და ტყორცნების სექტორები; ბაკურიანის სათხილამურო სასწავლო ბაზა და ღია საცურაო აუზი.
ინსტიტუტს ჰქონდა დასწრებული და დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტები და აგრეთვე მწვრთნელთა სკოლა. სკოლას თავისი ფილიალები გააჩნდა ბათუმში, სოხუმში, ქუთაისსა და ცხინვალში. 1989-1992 წლებში, ამიერკავკასიისა და შუა აზიის რესპუბლიკათაგან, მხოლოდ ჩვენს ინსტიტუტს გააჩნდა სადისერტაციო საბჭო − სპეციალობით: „ფიზიკური აღზრდის, სპორტული წვრთნისა და გამაჯანსაღებელი ფიზიკური კულტურის თეორია და მეთოდიკა“, სადაც საკანდიდატო დისერტაციებს იცავდნენ როგორც ჩვენი, ისე სხვა ქვეყნების სპორტის მეცნიერები. აღნიშნულ პერიოდში, ჩვენი ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოზე დაცული იქნა 33 საკანდიდატო დისერტაცია.
თავისი არსებობის მანძილზე, სპორტის უმაღლესმა სასწავლებელმა გამოუშვა 22 000-ზე მეტი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობდნენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
გივი 75 წლისაა. ჩვენი რესპონდენტი გვიყვება, რომ ფიზკულტურის ინსტიტუტში 1966 წელს, მძლეოსნობის სპეციალობაზე სწავლობდა. ის იმ თაობის წარმომადგენელია, რომელსაც განვლილი წლების მიუხედავად, კარგად ახსოვს, როგორ საუკეთესოდ იყო აღჭურვილი ინსტიტუტი საჭირო ინვენტარით. ის იხსენებს, როგორ ჩამოდიოდნენ სხვადასხვა საბჭოთა რესპუბლიკებიდან თბილისში სასწავლებლად, რადგან ფიზკულტურის ინსტიტუტი ყველას არ ჰქონდა. ჩვენი რესპონდენტი ასევე იმ თაობის წარმომადგენელია, რომელიც თბილისში განგსტერად ცნობილ ქალთან, მედიკო მებურიშვილთან ერთად სწავლობდა. კარგად ახსოვს ლევან თედიაშვილიც, რომელიც 1973 წელს თავისუფალი სტილის ჭიდაობაში საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად იყო დასახელებული.
უნივერსიტეტის დღევანდელი რეალობა ასეთია…
2022 წლის დეკემბერში ცობილი გახდა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე თბილისში, ჭავჭავაძის 49-ში მდებარე სპორტის უნივერსიტეტის შენობა, 11 მილიონ ლარად შპს „ვი არ ვაკე თაუერსმა“ იყიდა. კომპანია იმავე წლის სექტემბერში დარეგისტრირდა და მისი მფლობელი VR holding-ის დამფუძნებელი ნოშრევან ნამორაძეა. უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა 18,019 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე არის განთავსებული. საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ტერიტორიის შემძენმა ადგილზე არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
ნოშრევან ნამორაძის განცხადებით, ფიზიკური აღზრდის ინსტიტუტის შენობა, რომელიც ჭავჭავაძის #49-ში მდებარეობს, უკვე 10 წელზე მეტია, ავარიულ მდგომაროებაშია. მისივე განმარტებით, უნივერსიტეტი ვერ ახერხებს სრულფასოვნად და ჯანსაღად ფუნქციონირებას, სწორედ ამიტომ დაისახა სახელმწიფომ ამოცანა, რომ მომხდარიყო იგივე ლოკაციაზე ფიზკულტურის ინსტიტუტის მშენებლობა. – „ამ პროექტში მონაწილეობა ჩვენთვის პრიორიტეტულია, ვინაიდან ჩვენი მიზანი სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა. შესაბამისად, ამ პროექტში მონაწილეობა და გამარჯვებაც ორმაგად სასიხარულოა“, – აცხადებს „ვი არ ჰოლდინგი“-ს დამფუძნებელი.
პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა, 220 მლნ დოლარს შეადგენს. კერძოდ, სრული მიწის ნაკვეთის განვითარება იყოფა ორ ნაწილად: პირველ ნაწილზე განთავსდება სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი თანამედროვე სტანდარტების მქონე ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტი, რაშიც 100 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდება. უნივერსიტეტში ასევე, განთავსდება თანამედროვე სპორტული სასწავლებელი, აუდიტორიებითა და მოედნებით სპორტის სხვადასხვა სახეობაში. შენარჩუნდება გარე სათამაშო მინი ფეხბურთის და ჩოგბურთის მოედნები. მათ შორის, აშენდება სამბოს დარბაზიც და ა.შ.
„სხვათაშორის, იყო გარკვეული მითქმა-მოთქმა, რომ ჩოგბურთის და მინი ფეხბურთის მოედნები არ იქნებოდა. გპირდებით, ორივეს შევინარჩუნებთ. არცერთ ახალ პროექტში არ შევალ, თუ იქ არ იქნა მსგავსი აქტივობები გათვალისწინებული – სპორტული მოედნები და რეკრეაციული ზონები“, – განმარტავს ნოშრევან ნამორაძე.
რაც შეეხება VR Holding-ის მიერ განსავითარებელ მეორე მიწის ფართობს, როგორც „ვი არ ვაკე თაუერსის“ დამფუძნებელი აცხადებს, ჭავჭავაძის გამზირზე აშენდება მრავალფუნქციური-ინოვაციური კომპლექსი.
„უნიკალური ლოკაციიდან გამომდინარე, ჩვენს კომპანიას გააჩნია კარგად გააზრებული და დამუშავებული ექსკლუზიური ხედვა. გვაქვს გეგმა, შევუქმნათ თბილისს ახალი მიზიდულობის ეპიცენტრი, რომლითაც იამაყებენ თბილისელები და სრულიად საქართველო. რაც მთავარია, შევინარჩუნებთ არსებულ ხის ნარგავებს, ახალი შენობა და მისი ფასადები იქნება სხვადასხვა ხე-ნარგავით მორთული და ვიზუალურად გამწვანებულ გარემოს წარმოადგენს, რომელიც თანამედროვე ექსტერიერს იდეალურად მოერგება.
კიდევ ერთ საკითხს დავამატებ – მოგეხსენებათ, არსებულ ტერიტორიაზე საკმაოდ მძიმე სიტუაციაა სამანქანო გზებისა და პარკინგების მიმართულებით. ჩვენ უზრუნველვყოფთ გარშემო ინფრასტრუქტურისა და საპარკინგე ზონების მოწყობას, ასევე განთავსდება ფართო სავალი გზები. კომპანიას გააჩნია პროექტის განხორციელების კონკრეტული ხედვა და პირობას გაძლევთ, რომ ეს იქნება ქალაქში ნომერ პირველი წარმოსადეგი მრავალფუნქციური-ინოვაციური კომპლექსი “VR HOLDING”-ისგან, რომლის ანალოგიც ქალაქში არ არსებობს და ასევე, აგრეთვე აუცილებლად გაზრდის გარშემო არსებული უძრავი ქონების ღირებულებას“, – აღნიშნა ბიზნესმენმა.
კომპანია “VR HOLDING”-ი 2010 წელს დაარსდა. დღემდე მრავალი მიმდინარე და დასრულებული პროექტის ავტორია.
ამ ეტაპისთვის, სპორტის უნივერსიტეტის გუნდი სალექციო პროცესებს სხვადასხვა შენობაში ახორციელებს.