მუხიანში ახალი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს-პროექტის ფარგლებში საბავშვო, სპორტული მოედნები და დასასვენებელი პავილიონი მოეწყობა
თბილისში, მუხიანში, IV ბ მიკრორაიონის N33 კორპუსის მიმდებარედ, სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, ასევე, შადრევანი მოეწყობა. ჩატარდება გამწვანებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება - ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემა, შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგვება სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და დაითესება ბალახი.
დედაქალაქის მერის განმარტებით, აღნიშნული მწვანე სივრცე წლების მანძილზე მიტოვებული და უფუნქციო იყო.
„მუხიანში, IV ბ მიკრორაიონში, ახალი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ეს არის 2 ჰა-ზე მეტი ტერიტორია, რომელიც საცხოვრებელ კორპუსებს შორისაა მოქცეული. აქაურობა წლების განმავლობაში მიტოვებული და მძიმე მდგომარეობაში იყო. აღნიშნული პროექტის შედეგად, ყველაფერი მოწესრიგდება – ახალი ხე-მცენარეები დაირგვება, დასასვენებელი სივრცეები, საბავშვო ატრაქციონები, ცხოველების გასასეირნებელი სივრცეები და საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა. ასევე, სარწყავი და განათების სისტემები დამონტაჟდება.
საბოლოოდ, ძალიან კარგი პროექტია, რომელიც სექტემბერში დასრულდება. მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე შეემატება ჩვენს დედაქალაქს. მსგავსი სივრცეების მოწყობა ჩვენთვის პრიორიტეტულია და ასეთ სამუშაოებს მომავალშიც განვახორციელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.