საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის დაზიანება-განადგურებაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება
პარლამენტმა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები დაამტკიცა.
ცვლილების მიხედვით: მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
იმავე ქმედების განმეორება კი გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღემდე ვადით.
ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო ქონების დაზიანება ან განადგურება პასუხისმგებლობის დაკისრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატება. თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს არ აღემატება, პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა ვანდალური ფაქტები და საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის განზრახ დაზიანება ან განადგურება, როგორც ჩანს კანონში ცვლილების შეტანა სწორედ ამიტომ გახდა საჭირო.