მე-4 სკოლისთვის სასწავლო წელი საპროტესტო აქციით დაიწყო-სხვა სკოლას შეკედლებული მოსწავლეები საკუთარი შენობის მოლოდინში

დღეს სასწავლო პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. ბევრი ყვავილები და ბედნიერი სახეები, ასეთია სასწავლო წლის პირველი დღე, თუმცა როგორც აღმოჩნდა არა მათთვის, ვინც რამდენიმე წელია სკოლის შენობის გარეშე სხვა შენობასაა შეკედლებული.

მე-4 სკოლისთვის სასწავლო წელი საპროტესტო აქციით დაიწყო-სხვა  სკოლას შეკედლებული მოსწავლეები საკუთარი შენობის მოლოდინში

მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა სასწავლო წელი საპროტესტო აქციით დაიწყეს. მათ გარკვეული პერიოდით დადიანის ქუჩა გადაკეტეს.

მშობლების თქმით, უკვე რამდენიმე წელია მოსწავლეები, სხვა სკოლას შეკედლებული არასრულყოფილ განათლებას იღებენ, ვინაიდან სასწავლო პროცესისთვის გამოყოფილი დრო შემცირებული აქვთ, გარდა ამისა არის უამრავი დისკომფორტი მოსწავლეებისთვის. kalaki.ge-სთან ერთ-ერთმა მშობელმა ისაუბრა, რომელიც აქციაში იღებდა მონაწილეობას.

“ზუსტად 4 წლის წინ დაგვინგრიეს შენობა, თავდაპირველად ახალი შენობის პროექტი და მაკეტი გვაჩვენეს, მაგრამ ეს მხოლოდ პრეზენტაციად დარჩა. ნაძალადევში ჩვენი სკოლის მსგავსად რამდენიმე შენობა დაანგრიეს და დღემდე არაფერი ისმის. ჩვენი შვილები ვერ იღებენ სრულყოფილ ხარისხიან განათლებას, მეორე ცვლაში მიდიან და ისიც შემცირებული დროით.”

საგულისხმოა, რომ ნაძალადევის რაიონში სადაც მე-4 სკოლის შენობა იყო კიდევ რამდენიმე სკოლის შენობა-ნაგებობა დაანგრიეს, ესენია: მე-10, 113-ე და მე-14. რაც ერთი რაიონისთვის საგანგაშო მაჩვენებელია. არც ერთი სკოლის მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა.