მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქ. N8-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა გამაგრდა
თბილისში ჭონქაძის #8-ში საცხოვრებელი სახლი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და რომელიც ავარიული იყო კაპიტალურად გამაგრდა. ინფორმაცია დედაქალაქის მერმა გაავრცელა. მისივე თქმით პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
„აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლი იყო უმძიმეს მდგომარეობაში. გამაგრების პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. გასულ წელს საძირკველი და მზიდი კედლები გამაგრდა, ასევე, ლითონის კუთხოვანებით შეივსო ფანჯრებისა და კარების ღიობები, ხოლო მიმდინარე წელს რეაბილიტაცია შენობის ფასადს ჩაუტარდა, რის შედეგადაც აღდგა და პირვანდელი სახე დაუბრუნდა აივნებს და შუშაბანდს. აღნიშნულ სახლში ცხრა ოჯახი ცხოვრობს და პროექტის დასრულების შემდეგ, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით შესრულდა. მინდა, მადლობა გადავუხადო მთაწმინდის რაიონის გამგეობას, მის თითოეულ თანამშრომელს, იმ კომპანიას, ვინც მონაწილეობას იღებდა აღნიშნული პროექტის განხორციელებაში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ვიცი, რომ ქალაქში, მძიმე მდგომარეობაში არსებული ამგვარი ბევრი ძეგლი გვაქვს, თუმცა ეტაპობრივად მივუყვებით და ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სარეაბილიტაციო, განახლების, მოწესრიგების სამუშაოებს ვახორციელებთ. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
აღსანიშნავია, რომ ძველი თბილისის სახლები, რომელთა უმეტესობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, რეაბილიტაციასა და გამაგრებას საჭიროებს.