რამდენად უსაფრთხოა შავი ზღვის წყლის ხარისხი და რა მონაცემებს აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო
შავი ზღვის წყლის ხარისხი ცურვისთვის უსაფრთხოა - ასეთია შედეგი კვლევის, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა. უწყების თანახმად, 12 წერტილში აღებული წყლის სინჯების კვლევების დროს ისაზღვრება ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები.
“შავი ზღვიდან აღებული სინჯების კვლევა გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში ტარდება. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტო მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი პარამეტრების ანალიზის მეთოდების დანერგვის სამუშაოები.
სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია,”- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.