არის თუ არა მზად დედაქალაქში არსებული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობები, ხიდები თუ სხვა სახის კონსტრუქციები სეისმური აქტივობისთვის
თბილისში სეისმურმა აქტივობამ მოიმატა, რა მდგომარეობაშია დედაქალაქში არსებული ძველი შენობა-ნაგებობები და თბილისის რომელი უბანია ყველაზე მძიმე მდგომარეობაში, საკითხზე თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ "ბიზნესპრესნიუსთან" ისაუბრა.
ბოლქვაძის განმარტებით, ე.წ. ხრუშოვკები, ყველაზე რთულ მდგომარეობაშია და მომატებული სეისმური მდგომარეობა საკითხს კიდევ უფრო ართულებს.
„5 წლის წინანდელი დასკვნა ახლა არ ვარგა, იმიტომ, რომ შესაძლოა, პირობები შეიცვალოს. შესაბამისად, თუ რაიმე პრობლემური არეალია და თბილისში ასეთი ბევრია, მასზე ჩვენი კონსტრუქტორების მიერ, რომლებიც საკმაოდ გამოცდილები გვყავს, ექსპერტიზა უნდა დაიწეროს და განისაზღვროს, რა ღონისძიებებია გასაკეთებელი, ეს იქნება გამაგრება, კვლევა, ან შეიძლება ისე იყოს მდგომარეობა, რომ ინგრეოდეს.
ვარკეთილის მესამე მასივში რამდენიმე ინგრევა და რამდენიმე დაინგრა, იქ სასწრაფოდ არის ჩანაცვლება გასაკეთებელი. ვარკეთილის მესამე მასივში გამოსასვლელი მთლიანად ინგრევა. თუ არეალების მიხედვით შევხედავთ, პირველი სასწრაფო გახლავთ ვარკეთილის მესამე მასივი. ე.წ ხრუშჩოვკებზე რომ იყო ლაპარაკი, გენერალური გეგმის მომზადების დროს დავითვალე და 500-ზე მეტი ხრუშჩოვკაა თბილისში.
არ იქნება იმის თქმა სწორი, რომ იმ 500-დან ყველა ხრუშჩოვკა დასანგრევია, რადგან მაგალითად, ვაჟა ფშაველას კვარტალში კარგი გეოლოგიური პირობებია და კორპუსები კარგად არის შემორჩენილი. ამჟამად ავარიული მდგომარეობა საბურთალოს ხრუშჩოვკებში არ არის. შეიძლება ანალიზი და შესწავლა გაკეთდეს, რათა მზად ვიყოთ, რადგან რაღაც დროის შემდეგ სხვა ხრუშჩოვკებსაც იგივე ბედი ელის“, – განაცხადა არქიტექტორმა.