სავალდებულო გამწვანება – ახალი კანონი რომლის გარეშეც მშენებლობის ნებართვა აღარ გაიცემა
2024 წლიდან საქართველოში გაცემული ყველა სამშენებელო ნებართვა, სავალდებულოდ გამწვანების პროექტს უნდა მოიცავდეს. საკანონმდებლო ორგანომ, „სივრცითი მოწყობის შესახებ კოდექსში“ შესაბამის ცვლილება პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა.
კანონპროექტის თანახმად, გამწვანების პროექტის წარდგენის ვალდებულება არ იარსებებს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მიმართ. კანონი 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.მუნიციპალიტეტებმა 2024 წლის 1 იანვრამდე უნდა დაადგინონ მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობები, აგრეთვე მწვანე ნარგავების გაშენების, მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემისა და მათი საკომპენსაციო რგვის განხორციელების წესი და პირობები.
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე განმარტავს, რომ თბილისში აღნიშნული პროექტი 2019 წლიდან მოქმედებს: „მუნიციპალიტეტები დაადგენენ იმ ხე-მცენარეთა ჩამონათვალს, რომლებიც ადეკვატურია ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონში. თითოეულ მუნიციპალიტეტს დავეხმარებით, კანონის ძალაში შესვლამდე ერთი წელი გამოყენებული იყოს, რომ მუნიციპალიტეტები მზად იყვნენ, შეათანხმონ დენდროლოგიური პროექტი, ე.წ. გამწვანება და დამტკიცდეს ხე-მცენარეთა სტანდარტები. თბილისის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ აღნიშნული პროექტი სარგებლიანი იყო არა მხოლოდ ქალაქისთვის, არამედ დეველოპერებისთვისაც“, – განაცხადა ბითაძემ. დიდი ხანია თბილისს “ბეტონის ქალაქად” მოიხსენიებენ, ამიტომ საგულისხმოა, რომ ახალმა კანონმა ქალაქის იერ-სახესა და ეკოლოგიაზე მნიშვნელოვანი გავლენა უნდა იქონიოს.