თბილისში, 40 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად დაუკანონდა
ნაძალადევის, გლდანის, დიდუბის, ჩუღურეთის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში მცხოვრებ 40 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დაუკანონდა. აღნიშნულ სახლებში ოჯახები მუდმივი მაცხოვრებლები არიან, თუმცა ამ დრომდე საცხოვრებლები დაკანონებული არ იყო.
„დღეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები 40 ოჯახს გადავეცით. მინდა, პირველ რიგში, მივულოცო ამ ადამიანებს, მათ შვილებს, შვილიშვილებს. ვუერთდები მათ სიხარულს. ფართებით 3 000-მდე ოჯახი უკვე დაკმაყოფილებული გვყავს. საკმაოდ წარმატებული პროგრამაა და პროცესს განვაგრძობთ. მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნული პრობლემის წინაშე დგას, აუცილებლად მიმართონ მათივე რაიონულ გამგეობას და ჩვენი თანამშრომლები დაეხმარებიან, აუხსნიან, თუ რა საბუთებია შესაგროვებელი იმისთვის, რომ საცხოვრებელი ფართები დაუკანონდეთ. ამ პროგრამით კიდევ ბევრ ადამიანს გავახარებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ წლობით დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2017 წლიდან კახა კალაძის ინიციატივით დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.