მომავალი წლიდან, თბილისში საავტობუსე ზოლში სასკოლო ტრანსპორტის გადაადგილება დასაშვები გახდება
დედაქალაქის მერმა დღეს მერიაში გამართულ ბრიფინგზე ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, 2024 წლის 1-ელ ივლისამდე, სპეციალური ნებართვის შემდეგ, სკოლის ავტობუსებს ე.წ. ბასლაინზე მოძრაობის საშუალება ექნებათ.
მერის განცხადებით, სკოლის ავტობუსებს ეს პრივილეგია გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ მიეცემათ.
“ავტომანქანების სიჭარბის გამო საცობების პრობლემა ჯერ კიდევ დაუძლეველია და ვითვალისწინებთ რა სკოლის მოსწავლეების სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საჭიროებებს, გადავწყვიტეთ, M2 და M3 კატეგორიის სასკოლო ტრანსპორტსაც მივცეთ შესაძლებლობა, რომ გადაადგილდნენ საავტობუსე ზოლში, გარკვეული პირობებით”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ახალი რეგულაცია შეეხებათ როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებს. შესასრულებელი პირობები კი შემდეგია:
გადაადგილების უფლება ექნება ტექნიკურად გამართულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც გავლილი აქვს ტექნიკური დათვალიერება და განთავსებული აქვს მერიასთან შეთანხმებული სპეციალური ვიზუალური ნიშანი, რომელიც ასახავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებას გადაჰყავს სკოლის მოსწავლეები.
აღნიშნული ტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ მარშრუტებზე, სამუშაო დღეების განსაზღვრულ მონაკვეთებში, დილის 06:00-დან 09:00-მდე და დღის 14:00-დან 18:00-მდე.
საავტობუსე ზოლებში მათ შეეძლებათ მხოლოდ ავტობუსის გაჩერებებზე გაჩერება, არაუმეტეს ერთი წუთის დროით.
შაბათ-კვირას, ოფიციალურ უქმე დღეებსა და სამუშაო დღეების დროის სხვა მონაკვეთებში, ავტობუსის ზოლში მოძრაობის ან წინასწარ შეთანხმებული მარშრუტის დარღვევის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება დაჯარიმდება.
იმისთვის, რომ სასკოლო ავტობუსს ჰქონდეს “ბასლეინზე” მოძრაობის უფლება, სკოლამ შესაბამის დაწესებულებას უნდა მიმართოს.