ე.წ. “საპოლიციო გამოსახლება” ბრუნდება-ვინ და როგორ დაიცავს გაქირავებით დაზარალებულ გამქირავებლებს
იუსტიციის სამინისტრო ახალ ინიციატივაზე მუშაობს, რომელმაც მესაკუთრეები უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ იჯარა/ქირავნობის ოპერაციებში სახელშეკრულებო რისკებისგან უნდა დაიცვას. ინიციატივის თანახმად, იჯარა/ქირავნობის ხელშეკრულებაში შესაძლებელი იქნება ახალი მუხლის გაჩენა, სადაც მითითებულია რომ ფინანსური ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, სასამართლოს გარეშე, მოახდინოს უძრავ ქონებაში მყოფთა გამოყვანის აღსრულება.
როგორც იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებიდან ირკვევა, აღსრულების დაჩქარებული წესით მიღების აღდგენა ამჟამად მხოლოდ იჯარა/ქირავნობასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის განიხილება.
“იმართება სასამართლო პროცესები, რომელიც მთლიანობაში ერთ წლამდე შეიძლება გაგრძელდეს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანს შეზღუდული აქვს საკუთრების უფლება, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. სწორედ ამიტომ ჩვენ მოხარული ვიქნებით გაცნობოთ იმ ინიციატივის შესახებ, რომელიც გვაქვს შემუშავებული. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, რომ ქირავნობის ხელშეკრულება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში, სადაც მითითებული იქნება, რომ თუკი მოქირავნე არ შეასრულებს ვალდებულებას და არ გადაიხდის თანხას, მისი გამოსახლებას განახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო და ამ შემთხვევაში დაცული იქნება მესაკუთრის უფლებები. ეს მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე და ამაზე მხარეები წინასწარ იქნებიან შეთანხმებული. თუკი მხარეები ასე გააფორმებენ ხელშეკრულებას საჯარო რეესტრში, ისინი იქნებიან დაცული და საკუთრების უფლება იქნება სრულად რეალიზებული. ეს ინიციატივა გვაქვს და ის ცოტა ხანში პარლამენტში იქნება წარმოდგენილი,”- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ე.წ. “საპოლიციო გამოსახლება”, 2015 წლიდან გაუქმდა. შედეგად არაერთი ოჯახი დაზარალდა. ვინაიდან არ არსებობდა მექანიზმი რომელიც გამქირავებელს დაიცავდა. ჩვენი რეპოდენტი ნინა ნატროშვილი, იმ დაზარალებულთა რიგს მიეკუთვნება რომლებმაც საკუთარი საცხოვრებელი გააქირავეს და რამდენიმე თვეში ჯერ ქირის გადახდა შეუწყვიტეს, ხოლო მოგვიანებით საკუთარ სახლზე ბრძოლა მოუწია.
“ალექსანდრე ქაზბეგის ქუჩაზე ძველ საცხოვრებელ კორპუსში 3 ოთახიანი გავაქირავეთ. თავდაპირველად ყველაფერი კარგად იყო ხოლო 7 თვის შემდეგ ქირის გადახდა შეწყვიტეს. ჩვენს ზარებს არ პასუხობდნენ და კარს არ გვიღებდნენ. ზუსტად ერთი წელი ვიბრძოლეთ საკუთარი საცხოვრებლის დასაბრუნებლად, რადგან საკეტებიც კი შეცვლილი ჰქონდათ. სასამართლო პროცესები 9 თვე გაიწელა, მანამდე მათი მხრიდან იყო მუქარა და ამ ამბავმა მორალური და ფინანსური ზარალი მოგვაყენა. ჩვენ არაფელის გაკეთება არ შეგვეძლო რადგან ამ დრომდე არ არსებობდა კანონი, რომელიც დაგვიცავდა დაზარალებულებს.” გვიყვება დაზარალებული გამქირავებელი.
შეგახსენებთ, რომ ახალი ინიციატივის განხილვა პარლამენტში უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.