ერთ დროს დიდებული და ხალხმრავალი წყალტუბოს სანატორიუმები ახალი სიცოცხლის მოლოდინში
საქართველოში არსებული კურორტები - აბასთუმანი, ბორჯომი, წყალტუბო - მსოფლიოში განთქმულ კურორტებად ითვლება.
საქართველოში არსებული კურორტები - აბასთუმანი, ბორჯომი, წყალტუბო - მსოფლიოში განთქმულ კურორტებად ითვლება. თუ აბასთუმნისა და ბორჯომის მსგავსი კურორტები გვხვდება, წყალტუბოს მინერალური წყაროების ანალოგი, მსოფლიოში არსებულ სამკურნალო წყლებს შორის, იშვიათად თუ მოიძებნება.
საქართველოს ტერიტორიაზე 2000-ზე მეტი სამკურნალო წყალია აღმოჩენილი, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა სამკურნალოდ იყენებდა. სამკურნალო მინერალური წყლები სხვადასხვა დაავადებებს ყველაზე ძლიერ წამალზე უფრო ეფექტურად კურნავს. ამასთან ერთად, მინერალური წყლების ზემოქმედება რამდენჯერმე იზრდება, თუ კი მათ, თან ახლავს მთის ჰაერი, მზის სხივები და ტყის მაცოცხლებელი სიმწვანე.
სწორედ ამ მიზეზების გათვალისწინებით, ოდითგანვე, წყალტუბო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტი გახლდათ საქართველოს ტერიტორიაზე.
ჯერ კიდევ XII-XIII საუკუნეებში წყალტუბო სამკურნალო ადგილად მოიაზრებოდა. წყალტუბოს ბალნეოლოგიური კურორტის სტატუსი 1920 წელს მიენიჭა, როდესაც სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. წყალტუბოს ბალნეოლოგიურ კურორტზე მრავალი ცნობილი ადამიანი ისვენებდა, მათ შორის იყო იოსებ სტალინი, რომელსაც პერსონალური ოთახი ჰქონდა.
ქალაქი და კურორტი წყალტუბო ოდითგანვე განთქმული იყო თავისი სანატორიუმებით, სადაც ბალნეოთერაპიასა და სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკურ მომსახურებებს ადგილობრივებსა და უცხოელ სტუმრებს რეგულარულად სთავაზობდნენ.
1930-იან წლებში წყალტუბოს ცენტრში აშენდა ყველაზე დიდი ურბანული პარკი საქართველოში. ათწლეულების განმავლობაში, პარკის ირგვლივ, ამფითეატრალური პრინციპით გაშენდა სანატორიუმები, პანსიონატები, აბანოები, დასასვენებელი სახლები და კვლევითი ცენტრი. განვითარების ზენიტში, წყალტუბოს 22 სანატორიუმი ყოველწლიურად საბჭოთა კავშირის სხვადასხვა წერტილიდან ჩამოსულ 400,000-ზე მეტ დამსვენებელს მასპინძლობდა.
თუ კი სადმე მართლაც არსებობს ნამდვილი და არა ზღაპრული უკდავების წყარო – იგი აქ, წყალტუბოში ამოსჩქეფს დედამიწის გულიდან. თუმცა ისტორია ნადგურდება. სანატორიუმები, რომლებშიც ერთ დროს ცხოვრება ჩქეფდა და ყველაზე მძიმედ დაავადებულ ადამიანებსაც კი მასპინძლობდა, წაშლის პირასაა.
წყალტუბოს კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში, საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნეს სექტორს წყალტუბოს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს.
დღეის მდგომარეობით უკვე პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „მედეა“, „წყალტუბო“, „ივერია“, „სამგურალი“ და „უშიშროება“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 31 257 300 ლარი შეადგინა. ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, დარჩენილი სანატორიუმების პრივატიზების პროცესი აქტიურად გრძელდება. რომელია შემდეგი?
სანატორიუმი „რკინიგზელი“
ერთმანეთზე მიჯრილი თაღოვანი სარკმლებითა და სვეტებით გაფორმებული არქიტექტურა, მის შესასვლელშივე არსებული კიბე, რომელიც გრანიტითაა მოპირკეთებული – ეს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი შენობა წყალტუბოში არსებული, ყოფილი სანატორიუმი “რკინიგზელი” გახლავთ, რომელიც 1954 წელს, არქიტექტორების ვ. ველიკოვის და ნ. პოჩეპცოვის პროექტით არის აგებული. შენობას აქვს ფრჩხილივით მოხრილი ფორმა. შედგება რამდენიმე ერთმანეთის გაგრძლებაზე აშენებული ნაწილისაგან. უმთავრესი ნაწილი 5-სართულიანია, ჩრდილოეთის კიდე კი სამსართულიანი. პირველი სართული გრანიტის ზედაპირდაუმუშავებელი კვადრებითაა მოპირკეთებული, დანარჩენი ნაწილი კი ძვლისფერი შეფერილობის ქვითაა დაფარული. შენობის მთავარი ნაწილია ცენტრალური შესასვლელი. კარიბჭის თავზე, მეორე და მესამე სართული ერთ თაღებზე დაყრდნობილი აივნის ქვეშაა მოქცეული. ზედა სართულები კი ერთმანეთზე მიჯრილი თაღოვანი სარკმლებითაა გაფორმებული. კარიბჭის სამხრეთით, შენობის ძირითადი ნაწილის ფასადი 3-ნაწილადაა გაყოფილი: კიდეები სადაა და მხოლოდ შეკიდული ლოკალური აივნებითაა გაფორმებული, შუა ნაწილი კი ერთიანი აივნის მწკრივითაა გაწყობილი. მეორე და მესამე სართულები ერთიან ოთხკუთხა სვეტების ქვეშაა მოქცეული, გადახურვა არქიტრავულია, ასეთივეა მეოთხე სართული, მეხუთე სართული კი თაღოვანი სვეტებითაა გახსნილი. აივნების მოაჯირებად რიკულები და რკინის მესერებია გამოყენებული. შენობა სრულდება რიზოლიტით, რომელშიც სადარბაზოა გაკეთებული.
ნაგებობის ჩრდილოეთი ნაწილი სამსართულიანია. პირველი სართული სადაა, მეორე სართული მრგვალ, კაპიტელებით დასრულებულ სვეტებზე გახსნილ ტერასას წარმოადგენდა (ამჟამად ამოშენებულია და დაკარგული აქვს სახე), ტერასაზე კვადრატული სვეტების კოლოდანებია, რომელსაც დეკორატიული ჭერი ეყრდნობა. მესამე სართული კი ღია ერთიანი აივანი იყო, რომელზე გამომავალი ფასადი თაღოვანი სარკმლებით იყო გაფორმებული.
სანატორიუმი “რკინიგზელი” 250 საწოლზე იყო გათვლილი. შემდეგ საწოლების რაოდენობა 350-მდე გაიზარდა. სანატორიუმში მკურნალობა 20 დღის მანძილე იყო შესაძლებელი, საფასური კი 110 რუბლი იყო. აფხაზეთის ომის შემდეგ კი სანატორიუმი დევნილთა თავშესაფრად იქცა.
სანატორიუმი „იმერეთი“
მეორე, ყოფილი სანატორიუმის „იმერეთი“-ს არქიტექტურაც განგაცვიფრებთ. ეს შენობა არქიტექტორების ვ. ალექსი-მესხიშვილისა და ლ. ჯანელიძის მიერ, 1961 წელს არის აშენებული.
შენობა 3-ნაწილიანია. გეგმაში აქვს ლათინური „E“ ფორმა. მისი მთავარი ნაწილი ფართოა, რომელიც დანარჩენებისგან განსხვავებით 3 კი არა 4-სართულიანია. ფასადის მხრიდან შენობას მთელ სიგრძეზე თაღოვანი გალერეა მიუყვება, რომლის სახურავი მეორე სართულის ღია ერთიანი აივანია. მესამე სართულზე ოთახებს შეკიდული დამოუკიდებელი აივნები აქვს. მისი ჰოლი კი მთავარი სართულშორისი და ფლიგელთა მაკავშირებელი არტერიაა. თითოეული სართული კაპიტელებით დასრულებული მასიური სვეტებითაა გაფორმებული. მოაჯირები კი ქართული ეთნოგრაფიული ყოფისთვის მახასიათებელი რიკულებითაა გაწყობილი. ფლიგელები ოთხკუთხა და სამწახნაგა რიზალიტებითაა დანაწევრებული. სამწახნაგა რიზალიტებში კიბეებია გაკეთებული.
შიდა ეზოს მხრიდან შენობის ფასადები სხვადასხვაგვარადაა გადაწყვეტილი. დასავლეთის ფლიგელის ერთი ნაწილი 2-სართულზე გამყოლი თაღოვანი გალერეითაა გადახურული, დანარჩენი ნაწილი კი სადაა, სარკმლებითა და აივნიანი კარებებით დანაწევრებული. ყოფილი სანატორიუმის სასარკმლე და საკარე ჭრილები ორგვარია: თაღოვანი და ოთხკუთხა. შენობის წინა მხარეს რამდენიმე ტერასიანი ფართო კიბეებია.
მასშტაბური საინვესტიციო პროექტის „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ქალაქ წყალტუბოში მდებარე, ყოფილი სანატორიუმები „რკინიგზელი“ და „იმერეთი“ აუქციონზე 22 ივლისს გასაყიდად ხელახლა გამოიტანა. მანამდე სანატორიუმები აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იყო ივნისშიც, თუმცა მისით არავინ დაინტერესდა და აუქციონი ვერ შედგა. თუმცა მორიგი აუქციონი, რომელიც 5 აგვისტოს სრულდებოდა, ამჯერადაც ჩავარდა. გასაყიდად გამოტანილი “იმერეთი” და “რკინიგზელი” ისევ ვერ გაიყიდა.
წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N51- ში არსებული 33 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, საზოგადოებისთვის ცნობილი, როგორც ყოფილი სანატორიუმი „რკინიგზელი“, აუქციონზე 5 135 000 ლარად იყიდებოდა. საინვესტიციო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე სულ მცირე 120-ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოეწყოს, რისთვისაც არანაკლებ 9 273 600 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო.
პირობიან ელექტრონულ აუქციონზე ასევე გამოტანილი იყო წყალტუბოში, ჩახრუხაძის ქუჩა N6-ის მიმდებარედ არსებული 41 150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ყოფილი სანატორიუმი „იმერეთი“. სანატორიუმის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 3 124 500 ლარს შეადგენდა. საპრივატიზებო პირობების მიხედვით ტერიტორიაზე არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმრო-ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს, რისთვისაც 9 373 500 ლარზე მეტი ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო.