რა ბედი ელით სამტრედიის ქუჩაზე დაზარალებულ მოსახლეობას, რომლებიც ამ დრომდე გამგეობის მიერ გამოყოფილ დროებით საცხოვრებლებში რჩებიან
ყველა იმ ოჯახს და ადამიანს დავეხმარებით, ვისაც აფეთქების შედეგად საცხოვრებელი ფართები დაუზიანდა-განაცხადა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი განმარტებით აფეთქების სავარაუდო მიზეზად ამ დრომდე ბუნებრივი აირი სახელდება.
„აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. შესაბამისი უწყების წარმომადგენლები ადგილზე მობილიზებულნი არიან. სავარაუდოდ, ეს იყო ბუნებრივი აირის გაჟონვა. თუმცა, სანამ გამოძიება არ დასრულდება, კონკრეტიკაზე საუბარი გაგვიჭირდება. გადავრჩით, რომ მსხვერპლი არ არის. აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებლები დროებით სასტუმროებში არიან გადაყვანილნი, ზოგმა კი თავისი სურვილით ახლობლების სახლში დარჩენა ისურვა.
ჩვენ, რა თქმა უნდა, დღესვე ჩავატარებთ ექსპერტულ კვლევებს, რომ დავადგინოთ როგორია კორპუსის მდგომარეობა. როგორც კი შესაბამისი დასკვნა გვექნება, მაშინვე დავიწყებთ სამუშაოებს, რომ აღნიშნული კორპუსი გამაგრდეს-მოწესრიგდეს. ყველა იმ ოჯახს და ადამიანს დავეხმარებით, ვისაც აფეთქების შედეგად საცხოვრებელი ფართები დაუზიანდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა N2-ში, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქების შედეგად საგამოძიებო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე 93 ოჯახი ცხოვრობს.