არის თუ არა ექსპლუატაციაში მიღება-არმიღების საკითხი ე.წ. სამშენებლო პირამიდებთან კავშირში?
"ჰაერის ყიდვა" ახალი არ არის და მეტიც, უმეტესობა მიმდინარე მშენებლობებში, როგორც თბილისში ასევე ბათუმში სწორედ ჯერ არ აშენებული ბინები იყიდება, ამ შემთხვევაში ფასი განსაზღვრავს გაყიდვებს, აქვე უნდა ითქვას რომ მყიდველი მშენებლობის დასრულებამდე დიდი რისკის ქვეშაა. გაყიდვების ეს მექანიზმი ანუ ე.წ. სამშენებლო პირამიდა ბოლო წლებია აქტუალურია, მიუხედავად დიდი რისკისა.
სწორედ ამ რისკებზე საუბრობს, იურისტი მარიამ ქადაგიშვილი მედია “პალიტრასთან”.
“სამშენებლო პირამიდა უფრო მეტად არასწორი დაგეგმვის შედეგია. კომპანია ყიდის აუშენებელ ფართობს, მერე მის დასასრულებლად კიდევ იღებს თანხას და ბოლოს, აღებულ ვალდებულებებს ფართობი აღარ ჰყოფნის. მაგრამ ეს პირდაპირ არ არის კავშირში ექსპლუატაციაში მიღება-არმიღებასთან, რადგან კოდექსი განსაზღვრავს, რომ თავდაპირველად რეგისტრაცია ხდება კომპანიაზე და მერე ყიდის ის ამ ფართობებს. ამიტომ მყიდველზეა დამოკიდებული, რომ გადაამოწმოს, არ იყიდოს უკვე გაყიდული ფართობი. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, არის რისკი, რომ თუკი ყიდულობ ფართობს, რომლის მშენებლობაც არ დაწყებულა, არის რისკი, რომ პირამიდაში მოხვდე. ამიტომ აქაც გადამწყვეტია კომპანიასთან ხელშეკრულების პირობები, სადაც ეს საკითხები მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი. გარდა ამისა, ე.წ. პირამიდებთან დაკავშირებით პრობლემურია ისიც, რომ როდესაც პირი მშენებარე კომპანიაში აფორმებს შიდა განვადებას ასაშენებელ კორპუსზე, მაგრამ ეს არსად არ არის რეგისტრირებული და მინიმუმ შესაძლოა პრობლემური გახდეს საცხოვრებელი ფართობის განაწილების საკითხი. ყველაზე ცუდი კი ასეთ შემთხვევაში ის არის, რომ სასამართლომ გადაწყვეტილებაც რომ მიიღოს, დგება აღსრულების პრობლემა, რადგან კომპანია გაკოტრებულია და დაზარალებული მოქალაქე საკუთარ თანხას ვეღარ იბრუნებს.”- აცხადებს ქადაგიშვილი.
აღსანიშნავია, რომ “საქსტატის” მონაცემების თანახმად, შარშან თბილისში 5 611 მშენებლობის ნებართვა გაიცა, საიდანაც საცხოვრებელზე (იგულისხმება როგორც კორპუსი, ისე კერძო ბინა) 4 456 ნებართვა მოდის. რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიღებას, 2023 წელს თბილისში ექსპლუატაციაში მიიღეს 1 052 შენობა (869 საცხოვრებელი). უკვე 2024 წლის I კვარტალში თბილისში გაიცა მშენებლობის 1 195 ნებართვა, საიდანაც უმეტესობა – 957 ნებართვა, საცხოვრებელ შენობაზე მოდის. ექსპლუატაციაში კი დედაქალაქში წლეულს I კვარტალში 328 შენობა (275 საცხოვრებელი) მიიღეს. აქვე მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს თბილისში 34 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ექსპლუატაციაში არ მიიღეს.
გარდა მონაცემებისა მოქალაქეები არასწორი სამშენებლო, პირამიდის მსხვერპლი ხშირად ხდებიან, თუმცა ამ ყველაფრის წინასწარი შეფასება შესაძლებელია და რისკის განსაზღვრა თავად მყიდველზეა დამოკიდებული.