წლის დასაწყისში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა შემცირდა – 49.2% თბილისზე მოდის
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ პირველი კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით საქართველოში 2023 წლის იანვარი-მარტში 2 195 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.5%-ით ნაკლებია.
გაცემული ნებართვების 74.9% ქვეყნის 4 რეგიონზე ნაწილდება, კერძოდ, 49.2% მოდის ქ. თბილისზე, 10.1% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.5% – ქვემო ქართლის რეგიონზე და 7.1% – იმერეთის რეგიონზე.
იანვარ-მარტში ნებართვები მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაიცა.
რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიღებულ ფართებს, იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში 539.5 ათასი კვ.მ ფართობი იყო მიღებული, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2%-ით ნაკლები. ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რიცხვი კი 24.8%-ით 689-მდე გაიზარდა.
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი ასევე ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის, კერძოდ, 28.9% მოდის ქ. თბილისზე, 17.3% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.8% – კახეთის რეგიონზე და 9.9% – იმერეთის რეგიონზე.