სამშენებლო ნებართვა ენერგოეფექტურობის დეკლარაციის გარეშე აღარ გაიცემა
1 ივლისიდან ძალაში შედის ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტები, რომელიც ეხება ყველა ახალ შენობას, განურჩევლად საკუთრების ფორმისა. თუ კერძო ან საჯარო დანიშნულების შენობა 50 კვადრატულ მეტრზე მეტია, მან ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განისაზღვრება როგორი უნდა იყოს მაგალითად, შენობის კონსტრუქცია, სახურავი, კედლები და კარ-ფანჯრები.
იმისთვის, რომ სამშენებლო ნებართვა მიიღოთ, მოთხოვნილ დოკუმენტაციას ასევე თან უნდა ახლდეს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გზით გაცემული დეკლარაცია, რომ ის შენობა, რომლის აშენებასაც გეგმავთ, ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
მთავრობის შესაბამისი დადგენილება ადგენს გამონაკლისებსაც, ვისზეც კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება. ეს არის რელიგიური, საკულტო შენობები, 50 კვადრატულ მეტრზე ნაკლები შენობები და დროებითი ნაგებობები, რომელიც განკუთვნილია 2-წლამდე გამოყენებისთვის. კანონის მოთხოვნები არ ეხება ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობებს, რომლებსაც გათბობა-გაგრილების სისტემები არ სჭირდებათ.