დიდ დიღომში სამშენებლო ნარჩენისგან 30-მდე ლოკაცია გაიწმინდა
დედაქალაქში დასუფთავების აქციები გრძელდება - შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა, სპეცტექნიკის საშუალებით, სამშენებლო/ინერტული ნარჩენი დიდი დიღმის დასახლებაში 30-მდე მისამართიდან გაიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს
მათივე ცნობით, სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.
„სამშენებლო ნარჩენის უკანონოდ განთავსების კუთხით, დიდი დიღომი ერთ-ერთი პრობლემური დასახლებაა. მოგეხსენებათ, კონტეინერებში ან მიმდებარედ ინერტული ნარჩენის განთავსება დაუშვებელია. ეს არის სამართალდარღვევა, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ, ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია ასეთი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება“, – აღნიშნა დავით ფაჩულიამ.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მერიის განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 და ვებგვერდზე – www.tbsg.ge.