მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასი 6.7%-ით გაიზარდა – რა გავლენას იქონიებს გაზრდილი ფასი მიმდინარე მშენებლობებზე

სამშენებლო მასალებსა და მშენებლობებზე გაზრდილი ფასების შესახებ კვლევას საქსტატი აქვეყნებს, ორგანიზაციის ინფორმაციით საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად გაძვირებულია შენობების და ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები. კერძოდ, ზრდამ 11% შეადგინა.

მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასი 6.7%-ით გაიზარდა – რა გავლენას იქონიებს გაზრდილი ფასი მიმდინარე მშენებლობებზე

დოკუმენტის თანახმად, მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი კი მიმდინარე წლის ივლისში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, 6.7%-ით გაიზარდა.

ამასთანავე, 8.1%-ით არის გაზრდილი ფასების ინდექსი შენობა-ნაგებობების აღებისა და სამშენებლო მოედნის მომზადების ნაწილში.

საქსტატის ცნობით, ელექტროსამონტაჟო, წყალგაყვანილობის და სხვა სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების ფასები ივლისში წლიურად 6.4%-ით არის გაზრდილი.

“საავტომობილო გზების და რკინიგზის სამშენებლო სამუშაოების ფასები 4.1%, ხოლო კომუნალური ობიექტების მოწყობის სამუშაოები 3.6%-ით გაძვირდა.

მიმდინარე წლის ივლისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, შემცირებულია მხოლოდ მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ამ შემთხვევაში კლებამ 2.3% შეადგინა.” – ნათქვამია კვლევაში.

აქვე აღსანიშნავია, რომ თუ წინა წლის მდგომარეობას გავიხსენებთ, საშენ მასალებზე ფასების მომატებამ მიმდინარე მშენებლობებზე გავლენა იქონია, კერძოდ ახალ აშენებულ კორპუსებზე ფასები კიდევ უფრო გაიზარდა, რასაც დეველოპერები სწორედ საშენი მასალების გაძვირებით ხსნიდნენ.