კახა კალაძე-კონტროლი უნდა გამკაცრდეს, სამშენებლო მანქანები ქუჩებს არ უნდა აბინძურებდნენ

დედაქალაქში სამშენებლო ისტერიის ფონზე არაერთი პრობლემა იქმნება, რომელიც ძირითადად გარემოს დაბინძურებას გულისხმობს. ისედაც მძიმე ეკოლოგიურ პრობლემებს, ემატება მშენებლობისგან შექმნილი სხვადასხვა ეკოლოგიური კატასტროფა, მათ შორის ყოველ ჯერზე სამშენებლო მოედნიდან გამოსული მანქანები დედაქალაქში ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ქმნიან. სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა დედაქალაქის მერმა დღევანდელ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

კახა კალაძე-კონტროლი უნდა გამკაცრდეს, სამშენებლო მანქანები ქუჩებს არ უნდა აბინძურებდნენ

“პრობლემაა ისიც, რომ ბეტონმიზიდი მანქანები ასფალტზე ღვრიან ბეტონს. რამდენი შემთხვევაა, როცა ეს ახლად რეაბილიტირებულ, განახლებულ ქუჩებზე ხდება. ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს” – აღნიშნა კახა კალაძემ და ჯარიმების გამკაცრებაზე ინფორმაცია გაავრცელა.

“რამდენიმე წლის წინ, პარლამენტმა მუნიციპალიტეტის მიმართვის საფუძველზე განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სამშენებლო მოედნებიდან დაბინძურებული მანქანების გამოსვლა გახდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმები. ფიზიკური პირის შემთხვევაში ეს არის 500 ლარი, იურიდიული პირის შემთხვევაში 1000 ლარი, ხოლო განმეორების შემთხვევაში 2000 ლარი. ეს ცვლილება უკვე რამდენიმე წელია მოქმედია, თუმცა რეალობას ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემებია. ალბათ, ბევრ თბილისელს, ვინც დედაქალაქში გადაადგილდება, შეუნიშნავს სამშენებლო მოედნებიდან გამოსული დიდი მანქანები, რომლებიც აბინძურებს ქუჩებს. გამოაქვთ სამშენებლო ტალახი და ეს შემდეგ უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ეს მტვრად გადაიქცევა და ამას სუნთქავენ მოქალაქეები. შესაბამისად, მე მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ აღნიშნულ საკითხს. ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა და სამშენებლო ობიექტებს აქვთ ვალდებულება, რომ იმ მოედანზე, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, მოაწყონ შესაბამისი ჩამოსარეცხი, რათა ამის გამოტანა არ მოხდეს დედაქალაქის ქუჩებში”, – აღნიშნა კახა კალაძემ.