სამშენებლო ამნისტიის მისაღებად განცხადებების წარდგენის ვადა 27 ივლისს იწურება
კალაძის განცხადებით, 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით დასრულებული და სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის განცხადებების წარდგენის ვადა 27 ივლისს იწურება.
როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავს შენობებში მცხოვრებ ადამიანებს უამრავი პრობლემა ექმნებოდათ იმის გამო, რომ ნაგებობები არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული.
„სამშენებლო ამნისტიის მისაღებად, მერიაში განცხადებების წარმოდგენისთვის განსაზღვრული იყო ორი წელი. ეს ვადა უკვე იწურება მიმდინარე თვის ბოლოს – 27 ივლისს. ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ და მოგიწოდოთ, რომ ვისაც დღემდე არ გისარგებლიათ ამ უფლებით, შეაგროვეთ შესაბამისი დოკუმენტაცია, 27 ივლისამდე შემოიტანეთ განცხადება მერიაში და მოითხოვეთ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება. დედაქალაქში ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას და გამოწვევას წარმოადგენდა მშენებლობა დასრულებული ობიექტები, რომლებიც ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული. ამის მიზეზია მშენებლობების წარმოება კანონმდებლობის დარღვევით, რათა სამშენებლო კომპანიებს მეტი სარგებელი მიეღოთ.
ამ პროცესით საბოლოოდ მხოლოდ იქ მცხოვრები მოქალაქეები ზარალდებიან, რადგან ჯერ ერთი, მათ ქონებას აქვს სტატუსი „მშენებარე ობიექტი“. ეს კი რასაკვირველია, არ ქმნის საკუთრების სრულფასოვნებას და უფლებრივად ყოველთვის ნაკლიანი ქონებაა. გარდა ამისა, იმის გამო, რომ ეს შენობები არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, იქ მცხოვრებლები ვერ ქმნიან ამხანაგობებს და თავის მხრივ, ვერ სარგებლობენ მუნიციპალიტეტში არსებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მერმა მშენებლებს ექსპლუატაციისთვის ვადა ორი წელი მისცა.