დედაქალაქში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, პროექტი 4-ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს
სამგორში, რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად და მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად, 80 ავტოფარეხი დაიშალა. მწვანე სივრცე კორპუსებს შორის ქინძმარაულის 29-30-31-32-სა და ძმები ოცხელების 25-25 ა-ს მიმდებარედ მოეწყობა.
დედაქალაქის მერის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები, შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე და სასეირნო ბილიკები, ასევე განთავსდება ფანჩატურები. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების მასშტაბური სამუშაოები: ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემა, შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაითესება ბალახი.
„ე.წ. ზეემკას დასახლებაში, დაახლოებით 4 ჰექტარზე მოეწყობა პარკი. ეს არის საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცე, სადაც ძირითადად ავტოფარეხები იყო. 80 ავტოფარეხი დაიშალა ამ პროექტის განხორციელების მიზნით.
მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის. ეს პროექტი, პირველ რიგში, მათთვის კეთდება, რომ ჰქონდეთ სივრცე, სადაც მათი შვილები, შვილიშვილები და თვითონაც დაისვენებენ, განიტვირთებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ პროექტი 2025 წლის ზაფხულში დასრულდება.